მოქალაქეები საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში დაისჯებიან – რას ფიქრობენ პანკისის ხეობაში?

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდება თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ქმედება იქნება.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული შესაბამისი ცვლილება, უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის შემთხვევაში, შეეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს.
წულუკიანის განცხადებით, 2014 წლის 8 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გადაგზავნა პარლამენტში. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი, 312-ე პრიმა მუხლი, სადაც წერია, რომ უკანონო ფორმირებაში საზღვარგარეთ მონაწილეობა, ან ამგვარი მონაწილეობისთვის წვრთნა, ან მოწოდება იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით.
წულუკიანმა პანკისის უხუცესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან წელიწადნახევრის წინ გამართული შეხვედრა და მათ მიერ გამოთქმული წუხილი გაიხსენა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ცდუნებას ვერ უძლებს.
არსებული მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს პანკისის ხეობიდან წასული 13 მებრძოლი დაიღუპა.
“კვირა“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ პანკისის ხეობაში საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით და რამდენად ეფექტურად მიაჩნიათ პრობლემის გადასაწყვეტად აღნიშნული მიდგომა.10912897_335738766632313_1459618581_n
„კვირასთან“ საუბრისას ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი საკანონმდებლო ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზების გამონახვას წლების განმავლობაში ითხოვდა.
თუმცა, მათი თქმით, აუცილებელია პარლამენტმა ზუსტად განსაზღვროს ის, თუ ვისზე გავრცელდება კანონი, რათა მოქალაქეები, რომელთაც საბრძოლო ზრახვები არ ამოძრავებთ, ქვეყნის ეჭვმიტანილთა სიაში არ მოხვდნენ.
“პანკისის ხეობის მოსახლეობა, უხუცესთა საბჭოს წევრები, წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ ჩართულიყო, რათა პანკისის ხეობიდან სირიის მიმართულებით ახალგაზრდების გადინება თავისუფლად არ მომხდარიყო. თუმცა მაშინ ამის დარეგულირება ვერ მოხერხდა.
თავისთავად პოზიტიურია, რომ ხელისუფლება დაინტერესდა ამ პრობლემით, თუმცა ძალიან მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, როგორ გამოვლინდება ის, თუ რა მოტივით მიდიან საქართველოს მოქალაქეები კონფლიქტის ეპიცენტრში. ეს საკმაოდ შრომატევადი საკითხია და ვიმედოვნებ, რომ კანონმდებლები ეფექტურ მექანიზმს შეიმუშავებენ“, – განუცხადა “კვირას“ მექა ხანგოშვილმა.
რაც შეეხება სირიაში პანკისელი ახალგაზრდების წასვლის მოტივებს, მისი თქმით, პირველი და მთავარი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და სირიაში მცხოვრები ჩეჩნების დაცვაა.
ხანგოშვილი პანკისელ ახალგაზრდებზე რელიგიური ექსტრემიზმის აშკარა გავლენას ხედავს და აცხადებს, რომ მათზე მიმდინარეობს გარკვეული სახის ზემოქმედება, რათა მათ სხვის ომში მიიღონ მონაწილეობა. ამასთან, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების გადინებას ხანგოშვილი იქ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონსაც უკავშირებს. მისი თქმით, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს დასაქმების პერსპექტივის განცდა უნდა შეექმნათ.10922247_335738889965634_779851926_n
ხეობაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილიც.
მისი თქმით, არსებობობს რისკი, რომ თურქეთში სამუშაოდ წასული პანკისელი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ გარემოში, სადაც გარკვეული წრეების მხრიდან მათი გადაბირება, სირიაში წაყვანა და კონფლიქტში ჩათრევა მოხდება.
“ხეობაში ძალიან რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონია. საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუისში სტუმრობისას პირადად გაგვაცნო ხეობის განვითარების გეგმა, ამ გეგმაზე მთავრობა მუშაობს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და ახალგაზრდებს გაუჩნდებათ რწმენა, რომ დარჩნენ ხეობაში და დასაქმდნენ. პანკისის ხეობის განვითარების გეგმა წინა წლებშიც იყო შემუშავებული, თუმცა გეგმა გეგმად დარჩა და არაფერი შეცვლილა“, – განუცხადა “კვირას“ ზაურ გუმაშვილმა.
რაც შეეხება მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, გუმაშვილი ფიქრობს, რომ საკითხთან მიმართებაში ძალიან დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო.
გუმაშვილმა “კვირასთან“ პანკისის ხეობის უხუცესებთან იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრაც გაიხსენა და განაცხადა, რომ სხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად მათ მინისტრთან ხეობიდან ახალგაზრდების გადინების საკითხიც დააყენეს.
“როცა პანკისიდან ახალგაზრდები სირიაში მიდიან, მათი მთავარი მოტივი მაინც იდეოლოგიაა. ამიტომ ხელისუფლებას მართებს ფაქიზი მიდგომა. აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს, რა და როგორ მოხდება, რომ უდანაშაულო მოქალაქეები არ დაზარალდნენ. როცა ჩვენ – საბჭოს 10 წევრი შევხვდით, მინისტრ თეა წულუკიანს, სხვა საკითხებთან ერთად, ამ თემაზეც ვესაუბრეთ. პრობლემა წლების განმავლობაში მწვავედ დგას. კარგია, რომ ხელისუფლებამ მისი გადაწყვეტის გზებზე ფიქრი დაიწყო“,- განუცხადა “კვირას“ ზაურ გუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები