„ობამამ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისადამი მხარდაჭერა“
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს. ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ სწევს საოკუპაციო ხაზს, ამერიკამ საქართველოს სუვერენიტეტისადმი მკაფიოდ გამოხატა მხარდაჭერა.
“ძალიან კარგია, რომ შედგა პრემიერის შეხვედრა თეთრ სახლში. წელიწადნახევარია გასული, რაც ახალი მთავრობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობისთვის უმაღლეს დონეზე შეხვედრა შედგეს. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ სწევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადამი ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ პრემიერი უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე – მიუნხენის კონფერენციაზე. ჩვენ გვაინტერსებს, კონკრეტულად რა საკითხები დასვა მან, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, მოვისმენთ უფრო მეტს. მან ისაუბრა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს კარგია, მაგრამ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზე მოლაპარაკებების დაწყებაც წინა შეხვედრაზე იყო მიღწეული და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. საინტერესოა, თუ რა ეტაპზე ვართ ამ პროცესში”, – განაცხადა ბოკერიამ.