"საბა-2014" დაიწყო
17 იანვარს, თი-ბი-სი ბანკმა ლიტერატურულ კონკურს “საბას” დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. განაცხადების მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც “საბას” ჟიური შეუდგება მუშაობას და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
წელს პრემია “საბაზე“ დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით:
1. საუკეთესო რომანი 2. საუკეთესო პოეტური კრებული 3. საუკეთესო პროზაული კრებული 4. საუკეთესო პიესა 5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი 6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა 7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა 8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი 9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი 10. პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ჟიური მუშაობას 10 თებერვლიდან შეუდგება. ჟიურის შემადგენლობა, წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც კონფიდენციალური დარჩება. კონკურსის საპრემიო ფონდი 44 ათასი ლარია. შეგახსენებთ, რომ პრემია “საბა” 2003 წელს დააფუძნა “თიბისი ბანკმა” და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.