რა საფრთხის შემცველია "სამხედრო ქალაქების" მშენებლობა აფხაზეთში?
აფხაზეთი დემოგრაფიული საფრთხის წინაშე დგას. ქალაქ გუდაუთაში ეთნიკური აფხაზების რუსებით ჩანაცვლების საშიშროება დღითიდღე იზრდება. გუდაუთაში 300 რუსი სამხედროსთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა სრულდება. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის სამხედრო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 19 ორსართულიანი სახლი ზაფხულში მზად იქნება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების მიერ გახშირებული მშენებლობებისა და მათი იქ ჩასახლების საფრთხეებზე „კვირას“ აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ესაუბრა. როგორც ყოფილი მინისტრი განმარტავს, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რასაც სწორედ მშენებლობის ბუმი იწვევს და აფხაზების შემცირების შესაძლებლობა თანდათანობით იზრდება. „დიდი ხანია უკვე რუსი ოლიგარქების ფულით მშენებლობის ბუმია აფხაზეთში. ძირითადი საფრთხე, რასაც გავრცელებული მშენებლობის ბუმი იწვევს, არის ის, რომ აფხაზეთში დღითიდღე იზრდება რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მუდმივად ეწერებიან და ცხოვრობენ აფხაზეთში. ეს კი, საერთო ჯამში, დემოგრაფიულ სურათს აფხაზეთის საზიანოდ შეცვლის. აფხაზებს ეს ხელს არ აძლევთ და არ უნდათ, მაგრამ რა ქნან? რეალობა ასეთია და ამ რეალობას ვერაფერს ვერ უპირისპირებენ,“ – აღნიშნავს ლევან კიკნაძე.
მისი თქმით, აფხაზეთში დასახლებული რუსი სამხედრო, რა თქმა უნდა, უკან წასვლას არ ისურვებს და პენსიაზე გასვლის შემდეგ იქ საცხოვრებლად ოჯახით დარჩება. „მოქმედი ოფიცრების აფხაზეთიდან წასვლის შემდეგ ბინებს იკავებენ მერე ჩამოსული რუსი სამხედროები, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ, თუ სამხედრომ ოჯახით აფხაზეთში დარჩენა ისურვა, მაშინ მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა ეს ბინა, რაც ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული. ეს არის ნორმა. აფხაზეთში ჩასული სამხედრო თავისი ნებით წავა უკან რუსეთში? არ წავა. რა თქმა უნდა, დარჩება, რომ დაიტოვოს და შერჩეს ის ბინა, რომელშიც ცხოვრობს“, – ამბობს ყოფილი მინისტრი. როგორც კიკნაძე „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, გომბორის აეროდრომზე გუდაუთის სამხედრო ბაზა ამავე ბაზის რუსი სამხედროებისთვის პრაქტიკულად უკვე აშენდა. ორსართულიანი კეთილმოწყობილი შენობები უბრალო საცხოვრებელი სახლები არ არის. ის ევროპული სტანდარტების დონეზეა აშენებული და გაკეთებული, თავისი საფეხბურთო და ჩოგბურთის მოედნებით. კანონმდებლობით, აფხაზეთში უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვა აკრძალულია, რის გამოც რუსი ოლიგარქები იძულებული არიან, გარკვეული სქემით ჩადონ ინვეტიციები აფხაზეთში. „ყველაზე მიღებული ფორმა ერთობლივი ფირმებია. დაარსებულია სამშენებლო კომპანიების ერთობლიობა, რომლებიც მესამე პირის საშუალებით აკეთებენ ბიზნესს“, – ამბობს კიკნაძე. სად არის გამოსავალი და როგორ უნდა მოიქცეს ქართული მხარე ამ შემთხვევაში? უშიშროების ყოფილ მინისტრი ერთადერთ გამოსავალს რუსეთთან მოლაპარაკებებში ხედავს. მისი აზრით, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. „ქართული მხარე ვერაფერს გააკეთებს. ერთადერთი, შეიძლება, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები. ვისაუბროთ და ვილაპარაკოთ ამის შესახებ. პრეტენზიები წავაყენოთ, რომ აფხაზეთიდან განდევნილი ქართველების საცხოვრებელ ადგილებს არაკანონიერად იკავებენ რუსები. მოლაპარაკებები რუსეთთან უნდა დაიწყოს. სხვა გამოსავალი არ არის,“ – აცხადებს კიკნაძე და აღნიშნავს, რომ აფხაზები უკვე გრძნობენ, რომ მათ ბატონ-პატრონებად რუსები მოევლინნენ. რუსი სამხედროებისთვის გუდაუთაში აშენებული სახლები 9-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სამხედროებს საჭირო ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით ივნისის ბოლომდე გადაეცემათ. ყველა სახლში დამონტაჟდება თანამგზავრული ტელევიზია, სატელეფონო ხაზებითა და ინტერნეტით. საცხოვრებელთან სპორტული და საბავშვო სკვერები, ასევე კორტები და სტადიონი მოეწყობა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის სამხედრო ძალების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.