გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამართულ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მედიის მხრიდან დასმულ კითხვებს „კვირასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს.
გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრისთვის დასმულ კითხვას – „არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი“ – პოლიტიკური ქარიშხლის გამოწვევის მცდელობად აფასებს. ექსპერტის თქმით, სახელმწიფოს ხელძღვანელი პირები მეორე სახელმწიფოს პირველი პირის მისამართით მსგავსი ტერმინოლოგიით არ უნდა საუბრობდნენ და დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო არ უნდა ძაბავდნენ.

10884506_10152616852159779_1562374270_nხუხაშვილს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ „ცხელი ომის“ ფონზე უკრაინის პრეზიდენტს განცხადებაში მსგავსი სახის ტერმინები არ გამოუყენებია.
„ვფიქრობ, ეს იყო პოლიტიკური ქარიშხლის გამოწვევის მორიგი მცდელობა. პრემიერმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, ამით სპეკულირება დაიწყეს ხელისუფლების ოპონენტებმა. ზოგადად, რეალური მტერიც რომ იყოს, ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი არ შეიძლება. სამწუხაროდ, მსგავსი რეპლიკებით, არაკორექტული ეპითეტებით საუბარი ქართული პოლიტიკის ქრონიკული იდიოტიზმია“, – განუცხადა „კვირას“ გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პირველი პირების ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის საკითხს, გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინის მხრიდან მსგავსი სახის შეხვედრის თაობაზე გამოთქმულ მზაობას თბილისში ზედმეტად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ექსპერტის თქმით, ასეთი ფორმატის შეხვედრები ძალიან დიდ წინამოსამზადებელ სამუშაოებს და კონკრეტული ფორმულის შემუშავებას საჭიროებს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მზადაა შეხვედრისთვის. მას არ დაუსახელებია კონკრეტული თემა, პერიოდი. შეხვედრა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. უნდა გამოჩნდეს საკმარისი საფუძველი, რის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ფიქრი შეხვედრის თაობაზე. მიამიტური განცხადებების გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ექსპერტი აცხადებს, რომ ვითარება მძიმეა და ჩიხშია შესული. ხუხაშვილის თქმით, გამოსავლის პოვნა მოცემულ სიტუაციაში ხელისუფლებას ძალიან გაუძნელდება, რადგან სიმართლე ორივე მხარეს აქვს.
„ვითარება ჩიხში შევიდა, ხელისუფლებას თავის დროზე ყველაფერი უნდა ეღონა, რომ მოცემულ სურათამდე არ მივსულიყავით. სიმართლე ორივე მხარეს არის, ერთ მხარეს არის 3000 ათასი ოჯახი, რომელთა საარსებო წყაროც სწორედ ეს საბადოა, მეორე მხარეს კი კლტურული მემკვიდრეობის ძეგლი“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “პროვოკაციული” უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი. როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის საკითხზეც გააკეთა კომენტარი:
„პუტინთან შეხვედრის მზაობა გვაქვს, მაგრამ ამ შეხვედრას სჭირდება კარგი დაგეგმვა და მომზადება. შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა მოხდეს. ნაადრევია საუბარი იმაზე, როდის და რა ფორმატში მოხდება შეხვედრა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები