სამხრეთ აფრიკის 72 წლის პრეზიდენტმა მეხუთე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ, რომელსაც ამჟამად 4 ცოლი და 20 შვილი ჰყავს, უკანასკნელი – მეხუთე ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკული გაზეთი „The Star“–ი ავრცელებს. პროვინცია კვაზულუ–ნატალის მონახულებისას სახელმწიფოს მეთაური ხანდაზმულ თანატომელებს შეხვდა. „მე მყავს მეუღლეები, მაგრამ მე კიდევ ერთხელ, უკანასკნელად უნდა დავქორწინდე“, – განაცხადა სარ–ის პრეზიდენტმა. ზულუს ტრადიციის თანახმად, სიცოცხლის ბოლოს მამაკაცმა ახალგაზრდა ცოლი უნდა მოიყვანოს, რომელიც მას სიბერეში მოუვლის. მიღებული ტრადიციით, ის შესაძლოა, რომელიმე ცოლის უმცროსი და იყოს. როგორც მოგახსენეთ, ამჟამად აფრიკელ პრეზიდენტს ოთხი ცოლი და ოცი შვილი ჰყავს, თუმცა, საერთო ჯამში, ის ექვსჯერ დაქორწინდა. 2010 წელს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი მრავალცოლიანობის წინააღმდეგია. ამ კანონის მოწინააღმდეგეები ქალებს შორის გაცილებით მეტია, მათი 83 პროცენტი მრავალცოლიანობის ტრადიციას მხარს არ უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები