ლადო სადღობელაშვილი დოდო გუგეშაშვილზე: „მხედრიონელ“ ქალბატონსაც გმირობა უნდა მივანიჭოთ?

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დოდო გუგეშაშვილს პასუხობს. გუგეშაშვილმა სადღობელაშვილს რამდენიმე დღის წინ მიმართა კითხვით – „ლადო, სად იყავი, როდესაც მე და ჩემი მეგობრები იარაღით ხელში ვიდექით 2008 წელს საქართველოს დასაცავდ“?
აღნიშნულის საპასუხოდ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
„8 აგვისტოს ვიმყოფებოდი გორში, კერძოდ, გორის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში სხვა რეზერვისტებთან ერთად, იარაღით ხელში, საქართველოს სადარაჯოზე, მიტოვებული და განწირული, ხელმძღვანელობის გარეშე. დიახ, სწორედ მაშინ, როდესაც თარგამაძეები, ბაქრაძეები, ბოკერიები და ა.შ ბილეთებს ჯავშნიდნენ და ქვეყნიდან გაქცევა სურდათ, მე, როგორც თქვენ უწოდეთ, იმ 3-დღიან საომარ კონფლიქტში ვმონაწილეობდი.
ქ-ნო დოდო, ჩემთვის ერთი ნიუანსია გაუგებარი. თქვენ, ეგრეთ წოდებული მებრძოლი პირი, რომელიც თავგანწირულად იბრძვის, სად ნახულობთ დროს იმისათვის, რომ პრესას გაეცნოთ და პასუხი გამცეთ? ეგ კი არა, მეტსაც გეტყვით, 1992 წელს, მაშინ, როდესაც თქვენ მთავრობის სასახლეს ჭურვებს ესროდით და კანონიერი მთავრობის დამხობას ცდილობდით, მე ჩემს ოჯახთან ერთად ეროვნულ ხელისუფლებას ვედექი გვერდით. სამწუხაროა, თუმცა, ფაქტია ის, რომ დღეს უკრაინაში ფორმირდება სამხედრო ძალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად იქნება, გაიმეოროს 20 წლის წინანდელი სცენარი საქართველოში და მოინდომოს, სამხედრო გადატრიალების გზით მოიყვანოს ხელისუფლებაში ის რევანშისტული ძალა, რომელსაც 2012 წელს მოსახლეობამ უარი უთხრა. მე ერთი კითხვა მაქვს საზოგადოებასთან, ღმერთმა კარგად ამყოფოს ქ-ნო დოდო, მაგრამ დავუშვათ, ბრძოლაში გუგეშაშვილი დაიჭრა, მაშინ რა გამოდის, ამ „მხედრიონელ“ ქალბატონსაც, რომელმაც მწარედ დაამახსოვრა თავი საქართველოს, კერძოდ კი სამეგრელოს, გმირობა უნდა მივანიჭოთ? ეს იქნება სწორი და მართალი საქციელი?
P.S. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქ-ნი დოდო, რომელიც ცდილობს, მე მიწოდოს პუტინისა და რუსეთის მონა,ხელმძღვანელობდა იმ „მხედრიონს”, რომელიც რუსეთის „კგბ“-ს მიერ იყო ჩამოყალიბებული და დაამხო ეროვნული ხელისუფლება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები