ევროკავშირთან ასოცირება რატიფიცირებულია – „ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს“

 

ევროპის პარლამენტმა 490 ევროპარლამენტარის მხარდაჭერით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. მანამდე კი ქვეყანამ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერა. დღესვე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციით ევროპარლამენტი მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რუსეთს კი მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება.
ქართველი დეპუტატები ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში ადევნებდნენ თვალს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის შეფასებით, რატიფიცირება ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს ევროპულ ოჯახში სრულყოფილ წევრად შესვლის პერსპექტივა და ყველა იმ სიკეთის მიღების საშულება, რაც ევროპულ დემოკრატიას უკავშირდება.
“საქართველოს ევროპარლამენტისგან აქვს სრული მხარდაჭერა. ეს ნიშნავს მხარდაჭერას საქართველოს სუვრენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების. ასევე ნიშნავს მხარდაჭერას იმისას, რომ ჩვენ – ქართველ ხალხს, აქ მცხოვრებ ყველა ჩვენს მოქალაქეს, აფხაზ და ოს დებთან, ძმებთან ერთდ გვაქვს ევროპულ ოჯახში სრულყოფილ წევრად შესვლის პერსპექტივა და ყველა ის სიკეთე, რაც უშუალოდ უკავშირდება ევროპულ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, თავისუფლებას, თანასწორობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, დაცულ გარემოში ცხოვრებას – ყველაფერი ეს შეგვიძლია მივიღოთ ყველამ ერთად, საქართველოში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ და, რაც მთავარია, აფხაზებმა და ოსებმა“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან დიდი რეფორმები იწყება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საქართველოსთვის ახალი ძალა და ენერგიაა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
„ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მოუტანს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უფრო მეტ დემოკრატიას, უფრო მეტ ცივილიზაციას ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. მეორე მხრივ, საქართველო იქნება ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
„ბოლო წლებში ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად, რომლებმაც განაპირობა კიდეც ჩვენი ეს წარმატება. ასოცირების ხელშეკრულების საშუალებით ჩვენ უზრუნველყოფილნი ვიქნებით შესაბამისი სამოქმედო გეგმით, რათა გაგრძელდეს ეს პროცესი და ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების მიზნისკენ წინსვლას მივაღწიოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.10527981_996794053681944_1073346661_n
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ აღნიშნა, რომ ევროპა საქართველოსთან ერთად ბევრად უფრო დაცული, უფრო განვითარებული და უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია.
პრეზიდენტმა საქართველოს ყველა მოქალაქეს და ევროპელ კოლეგებს ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიულოცა.
„მე მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთან. მე მინდა ასევე ევროპელ კოლეგებს მივულოცო ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ევროპა ბევრად უფრო დაცული, ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველოსთან ერთად, მე ეს მჯერა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი პირობას დებს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებმა ის სიკეთეები, რასაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს, მალე მიიღონ. მინისტრის თქმით, საქართველო რეფორმირების პროცესში ინტენსიურად ჩაერთო.
“ევროპული ოჯახისკენ სვლა დაიწყო. საქართველო იტენსიურად ჩაერთო რეფორმირების პროცესში. ასოცირების ხელშეკრულება ჩვენი ევროპიზაციის გეგმაა. ეს იქნება უსაფრთხოების, განვითარების სტაბილურობის საწინდარი და ხელს შეუწყობს მრავალ რეფორმას ყველა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ყველა წევრი. საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ დროულად გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.10850797_996794090348607_1405172572_n
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გვარწმუნებს, რომ რატიფიცირების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა მტკიცეა და ნდობაზეა დაფუძნებული. როგორც იოჰანეს ჰანიმ საქართველოს ხელისუფლებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა, ეს ურთიერთობები უფრო მტკიცე იქნება ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ, რაც ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს.
“საქართველოს ძალისხმევისა და გამოწვევების ფონზე, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ ევროკავშირი ერთგულია ძალისხმევისა, მოახდინოს საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია”, – განაცხადა ევროკომისარმა.
იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოს სჭირდება, რომ განაგრძოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები