რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან
ხვალ, 18 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
კონკურსი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
გაიცემა სამი ფულადი პრემია: პირველი პრემია – 500 ლარის, მეორე პრემია – 300 ლარის და მესამე პრემია – 200 ლარის ოდენობით.
გარდა სამი პრემიისა, ასევე, სამი მონაწილე დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და დიპლომით. ვინაიდან წლევანდელი დაჯილდოება საიუბილეოა და პრემიების გადაცემა მეხუთედ მოხდება, გამოიცემა ხუთი წლის განმავლობაში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებების კრებული.
ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულთან“ არსებული „ერთი მოთხრობის კონკურსი“ ემსახურება ქართულ ლიტერატურულ სივრცეში საუკეთესო ნაწარმოებებისა და ავტორების გამოვლენას, ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა შემოქმედების წარმოჩენას და მათი ნაწარმოებების პოპულარიზაციას.
კონკურსის ამოცანაა ქართული ლიტერატურისადმი მკითხველთა ფართო ფენების, ახალგაზრდა თაობის დაინტერესება; რევაზ ინანიშვილის შემოქმედების პოპულარიზაცია. წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 85 ნაწარმოები იქნა წარდგენილი.
კონკურსის ჟიურის ხუთი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდნენ ცნობილი მწერლები: დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია, მანანა ჩიტიშვილი, ბელა შალვაშვილი, თამაზ ხმალაძე, თემურ ჩალაბაშვილი. კონკურსის დამფუძნებელია ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი.