კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.
„წელს ქართული სტენდის კონცეფცია აგებულია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის -„მოგზაურობა კავკასიაში” მოტივებზე, რომელიც ფესტივალის დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში დაეხმარება. სლოგანით – „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად” ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი პროგრამა მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ქართულ ლიტერატურას, კინოჩვენებებს, საბავშვო ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოსა და კულინარიულ პრეზენტაციებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ავტორებთან, პანელური დისკუსიები, კინოჩვენებები, მუსიკალური ღონისძიებები, საქმიანი შეხვედრები უცხოელ გამომცემლებთან. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფრანგულ ენაზე თარგმნილი მხატვრული ლიტერატურა, სამეცნიერო-პოპულარული და კრიტიკული ნაშრომები, საბავშვო წიგნები, ალბომები ქართული ხელოვნების შესახებ, სპორტული და კულინარიული ლიტერატურა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ლიტერატურის 16-საუკუნოვანი ტრადიციის წარმოჩენას – საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავთან დაკავშირებით.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო წელს უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი ყოველწლიურად 50-მდე ქვეყანასა და 1 000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან“, – წერია ინფორმაციაში.