საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ – რას ფიქრობენ თბილისში?

 

    ქართველი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, ის, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, დრამატულად არ უნდა იქნას აღქმული.
მათი თქმით, სასურველი იქნებოდა, რომ ამ სამ ქვეყანას აღნიშნული სტატუსი მიეღო, თუმცა,მათივე აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სენატში დამტკიცებული კანონპროექტი თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვა ფორმებს კვლავ ითვალისწინებს.
სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის” მთავარი რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოსთვის სამხედრო-ტექნიკური დახმარება, სურვილის შემთხვევაში, ისედაც შეუძლია.
ალადაშვილი 2012 წლის დასაწყისში საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ აშშ-ს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლის შესახებ ბარაკ ობამას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას იხსენებს.
აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის გამართულ შეხვედრებზე შემუშავდა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
„თუ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად მიიღებდა აშშ-ს მთავარი მოკავშირის სტატუსს, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნებოდა. ეს სტატუსი გულისხმობს უფრო მჭიდრო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აშშ-სთან. თუ აშშ საქართველოს დახმარებას მოისურვებს, ამის განხორციელება ისედაც შეუძლია. მით უმეტეს, არსებობს 2012 წლის ურთიერთთანამშრომლობის აქტი, რომელიც სამხედრო – ტექნიკურ თანამშრომლობას ითვალისწინებს“,- აცხადებს ალადაშვილი.
სენატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნების აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად გამოცხადებას გულისხმობდა, ინტერნეტგამოცემა „კიუბიკ ლეინი“ -ის ცნობით, თეთრი სახლის მოთხოვნით იქნა ამოღებული.
ექსპერტები თანმხდებიან იმაზეც, რომ ბარაკ ობამა და, ზოგადად, ამერიკელი დემოკრატები რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ შედარებით ფრთხილი ნაბიჯებს დგამენ.
„კვირასთან“ საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ საკითხისადმი გაცილებით ხისტი დამოკიდებულება აქვთ „რესპუბლიკელებს“. შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობას სწორედ „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ. ჩიტაძე ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ამ ფაქტორმა განაპირობა სენატის მიერ მიღებულ – „უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტში “ ჩადებული პუნქტები, მათ შორის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნისთვის აშშ-ს მთავარი მოკავშირის სტატუსის მიცემის სურვილი.10632804_874684382576407_2269591844378770168_n
“სასურველი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის ის ვერსია დარჩენილიყო, რაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნებისთვის აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა. მაგრამ მთავარია, რომ კანონპროექტის ძირითადი არსი უცვლელი დარჩა და საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად რიგ დახმარებას მიიღებს აშშ-დან.
მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც დამატებითი თანხები გამოიყოფა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. საერთო ჯამში, საქართველოზე დადებითად აისახება ეს ყველაფერი. აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ დაფიქსირებული პოზიცია ტრაგედიად არ უნდა იქნას აღქმული. პროცესების ფონზე ჩანს, რომ „რესპუბლიკელები“ შედარებით ხისტად უპირისპირდებიან და ეს აისახა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში. რაც შეეხება თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებას, რომ ეს პრივილეგირებული სტატუსი უკრაინას ახალს ვერაფერს შესძენდა, ნაწილობრივ გამართლებულია. ახლა ქმედითი ნაბიჯები გაცილებით მნიშვნელოვანია“,-აცხადებს ჩიტაძე.
ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის, “თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე თავიდანვე დააფიქსირა, რომ ამგვარი სტატუსის მინიჭებაზე ჯერ საუბარი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, მოლოდინიც არ ყოფილა.
მისი შეფასებით, ის, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, განსაკუთრებული იმედგაცრუების განწყობის შექმნის საფუძველს არ ქმნის.
ექსმინისტრი აცხადებს, რომ „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი – 2014″ აშშ-ს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის მთელი რიგი მიმართულებებით კონკრეტულ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვისაც დამატებითი თანხები გამოიყოფა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ამდენად, მე ვთვლი, რომ ძალიან სერიოზული გზავნილები და კონკრეტული დახმარების ფორმები არის გამოხატული შეერთებული შტატების მხრიდან. უმნიშვნელოვანესია, რომ ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ამიტომ ეს კონკრეტული ნაბიჯები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საუბრები იმის თაობაზე, მოგვანიჭებდნენ თუ არა მთავარი მოკავშირის სტატუსს”, – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.14sdfsdfsd1
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აღარ არის გათვალისწინებული ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარი მოკავშირეების სტატუსის მინიჭება, რასაც ითვალისწინებდა აშშ-ში მომზადებული კანონპროექტი: „უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი“.
რადიო “თავისუფლების“ ინფორმაციით, შტატების სენატმა კანონპროექტს 11 დეკემბერს დაუჭირა მხარი, მაგრამ მას შემდეგ ტექსტი შეიცვალა. 12 დეკემბერს სენატმა დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაუგზავნა კანონპროექტი, რომელშიც აღარ არის საუბარი სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნის – მათ შორის, საქართველოს – განსაკუთრებულ სტატუსზე, ანუ, როგორც უკვე ვთქვით, მათ გამოცხადებაზე ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად. თუმცა სენატში დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერის სხვა ფორმებს.
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, რის შემდეგაც კანონპროექტი ხელმოსაწერად გაეგზავნა პრეზიდენტ ბარაკ ობამას.
ინფორმაციით, რომელსაც ამერიკული ინტერნეტგამოცემა „კიუბიკ ლეინი“ ავრცელებს, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გამოცხადება ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა თეთრი სახლის მოთხოვნით. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს პრივილეგირებული სტატუსი კიევს ახალს ვერაფერს შესძენდა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, უკვე დაწყებულია კონგრესში დამტკიცებული კანონპროექტის განხილვა. რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ ახალი სანქციების მოთხოვნასთან დაკავშირებით ამ ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ სანქციების საკითხში მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა მოკავშირეებსა და პარტნიორებთან საერთო პოზიციის შესანარჩუნებლად, რუსეთისთვის დანაკარგის ოპტიმიზაციისა და ამერიკული ბიზნესის, ნავთობის ბაზრებისა და გლობალური ეკონომიკის დანაკარგის მინიმიზაციის დასაცავად. ოფიციალური პირის განმარტებით, თეთრ სახლში იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ მნიშვნელოვანი მიდგომის შენარჩუნება ახალი კანონპროექტით. ვარაუდობენ, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტი დავას გამოიწვევს კონგრესსა და პრეზიდენტს შორის. ის უფრო მკაცრი პასუხია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, ვიდრე ზომები, რომლებსაც ვაშინგტონი ახლა მიმართავს. თუმცა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, არ დაამტკიცოს კანონპროექტით გათვალისწინებული ბევრი ზომა.
აქამდე თეთრი სახლი უარს ამბობდა უკრაინისათვის ლეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, მაშინ როცა ახალი კანონპროექტი დაშვებულად აცხადებს 350 მლნ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის. დახმარება გულისხმობს, მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები