აშშ-ს სენატმა უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
აშშ-ს სენატმა კანონპროექტს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების უფლებას იძლევა. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტი უკრაინის მთავრობისთვის ლეტალური და არალეტალური შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჯავშანსაბრძოლო იარაღი და საბრძოლო მასალებია.
კანონპროექტ „აქტი უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის შესახებ 2014“ თანახმად, უკრაინა ნატოს ფარგლებს გარეთ აშშ-ს სამხედრო მეკავშირედ ითვლება. ამასთან, დოკუმენტი დევნილებისთვის ამერიკული დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს. კანონპროექტში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე გავრცელებული რუსულენოვანი მაუწყებლობის ხარისხის გაუმჯობესების და გაფართოების შესახებაა საუბარი იმისთვის, რომ „რუსულ პროპაგანდას წინააღმდეგობა გაუწიონ“.
რადიოსადგურ „ამერიკის ხმისთვის“ და „რადიო თავისუფლებისთვის“ პრიორიტეტულ მიმართულებებად უკრაინა, საქართველო და მოლდოვაა დასახელებული.
საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ბობ კორკერმა განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგებმა „რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ უკრაინის სუვერენიტეტის მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა“.
კანონპროექტს მხარი ახლა წარმომადგენლების პალატამ უნდა დაუჭიროს. ამის შემდეგ დოკუმენტს ხელს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს.