ზელენსკი: უკრაინამ „დრუჟბას“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა და შეუძლია ფუნქციონირება განაახლოს
„დრუჟბას“ მილსადენს შეუძლია ფუნქციონირება განაახლოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი კვლავ არ დაბომბავს აღნიშნულ მილსადენს.
„პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი პრიორიტეტები ენერგეტიკულ თანამშრომლობაში.
პირველი: ირანში ომის შედეგად შექმნილი კრიზისის კონტექსტში, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საწვავის საჭირო მოცულობით მიწოდების შესახებ შეთანხმებების სრულად შესრულება. მოცულობები უზრუნველყოფილია აპრილსა და მაისში.
მეორე: ამ კვირისთვის უკვე ვამზადებთ ენერგეტიკული „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრას და უნდა დავაჩქაროთ აღდგენითი სამუშაოების, ასევე ენერგეტიკული ობიექტების დამცავი სტრუქტურების მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მიღება.
მესამე: როგორც ევროკავშირთან კომუნიკაციაშია ნათქვამი, უკრაინამ დაასრულა „დრუჟბას“ მილსადენის იმ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები, რომელიც რუსული დარტყმის შედეგად დაზიანდა. მილსადენს შეუძლია განაახლოს ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ რუსული დარტყმები მილსადენის ინფრასტრუქტურაზე აღარ განმეორდება, ჩვენმა სპეციალისტებმა უზრუნველყვეს მილსადენის სისტემისა და აღჭურვილობის აღდგენის ძირითადი პირობები.
ამას უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების პაკეტის განბლოკვასთან ვაკავშირებთ, რომელიც უკვე იქნა დამტკიცებული ევროპული საბჭოს მიერ. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ უკრაინისთვის [მოლაპარაკებების] კლასტერებზეც – სამუშაოს ჩვენი ნაწილი უკვე შევასრულეთ პირველ კლასტერებზე. დამატებით, მნიშვნელოვანია ამ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ სისტემური სასანქციო ზეწოლის გაგრძელება და ევროპისთვის ენერგორესურსების კიდევ უფრო დივერსიფიცირებაზე მუშაობა. ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს მათგან, ვინც ევროპის განადგურებას ან დასუსტებას ცდილობს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი Telegram-ზე.