“აშშ-ს მიერ პატიმრების წამების აღიარების ფაქტმა “ნაციონალების“ ხელისუფლების მსგავსი პრაქტიკის აღიარება უნდა დააჩქაროს“

აშშ-ს მიერ პატიმრების წამების აღიარების ფაქტმა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მსგავსი პრაქტიკის აღიარება უნდა დააჩქაროს, – ასე აფასებს „კვირასთან“ “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, რომლის თანახმადაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხრიდან სისტემური ხასიათი ჰქონდა ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფი პატიმრების წამების ფაქტებს.
„ეს მოვლენა იმაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა ანგარიშმა, რომელიც 119 პატიმრის მიმართ დაკითხვის ძალადობრივი, მათ შორის წამების მეთოდების გამოყენებას ადასტურებს, შესაძლოა, არსებითი ზიანი მიაყენოს აშშ-ს საერთაშორისო პრესტიჟს, დღევანდელი ადმინისტრაცია შეგნებულად წავიდა ამ მსხვერპლზე. პრეზიდენტმა ობამამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ის მეთოდები, რომელსაც პრეზიდენტ ბუშის დროს იყენებდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ, არ შეესაბამება ამერიკულ წარმოდგენებს ადამიანების ბუნებით უფლებებზე და ამერიკულ ღორებულებებზე. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ საერთო განწყობას თავისი რადიკალიზმით ცნობილი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინიც ეთანხმება“, -აცხადებს გიგუაშვილი. ამირან გიგუაშვილის მოსაზრებით, აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სიძლიერეს და ერთგულებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.
ამიტომაც, როდესაც არსებობს ეჭვი და მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც, წინა ხელისუფლების დროს ასევე ადგილი ჰქონდა პატიმრების მასობრივ წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მოქმედი ხელისუფლების პირადაპირი მოვალეობაა, მაქსიმალურად გაასაჯაროვოს ეს ფაქტები, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას მსგავსი პრაქტიკა.
„ჩვენ კი რას ვხედავთ რეალურად. ვხედავთ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, რომელთაც წარდგენილი აქვთ ინდივიდუალური ბრალდებები, ჯარისკაცების ვარჯიშზე, საბიუჯეტო თანხების მითვისებაზე, მიტინგების დაშლაზე და ამით გვინდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეიფუთოს. არ გამოვა ასე. ათასობის ადამიანი, რომელთაც განცხადებები შეიტანეს პროკურატურაში მათ მიმართ წამების, უკანონო პატიმრობის
თუ ქონების ჩამორთმევის ფაქტების გამოსაძიებლად, დღემდე ელემენტარულ პასუხებს ელოდებიან. მოქმედი ხელისუფლება კი ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდი ანგარიშით აგებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ. პოზიციებს კარგავს იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლის მმართველობის დროსაც პატიმრების მიმართ წამების მთელი ორგანიზებული სისტემა იყო შექმნილი.
არ შეიძლება მომავლის მშენებლობა წარსულისათვის სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. მე არ ვგულისხმობ რევანშიზმს და არც ნიუნბერგის პროცესის მოწყობას, მაგრამ თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა და ადამიანებმა სამართალი ვერ იპოვეს, ვერავითარი საოცნებო დემოკრატია ვერ აშენდება. იქნება იმედგაცრუება და თვითიუსტიციის ფაქტები, რასაც საბოლოოდ ქაოსი, ქვეყნის უკან სვლა და სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვება“,-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები