„ჟურნალისტებს რა უნდა მოვთხოვოთ, რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ, სათავეებშია პრობლემა…“

              „წერა 13 წლისამ დავიწყე. სიმართლე გითხრათ, იმას წერა არც ერქვა, მაშინ რომ ვწერდი. ვიღაც, თავიდანვე კარგად იწყებს, კარგი ლექსებით, მაგრამ მე ძალიან ცუდად დავიწყე. რატომ მომწონდა ის ლექსები, დღესაც ვერ ვხვდები, როცა შეხედულება საერთოდ, ცხოვრებასთან და გემოვნებასთან მიმართებაში აღმატებული მქონდა. როცა რუსთაველი, გალაკტიონი და გოეთე მოგწონს, როგორ შეიძლებოდა ჩემი ლექსები მომწონებოდა, მაგრამ თითქოს „სომნაბულის“ მდგომარეობაში ვიყავი. 19 წლის ასაკში, პირველად კითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან: შემთხვევით პოეტი ხომ არ ვარ? საერთოდ, სიტყვა პოეტთან ძალიან ფრთხილი და სათუთი დამოკიდებულება მქონდა, შეიძლება ითქვას, მაგიურიც და ზეაღმატებული. გადიოდა დრო და უფრო სერიოზულობით ვეკიდებოდი მონიჭებულ ნიჭს. ერთ დღეს, გავიღვიძე და ყველაფერი შეიცვალა, პროფესიონალური ხელწერისკენ რაც გამომარჩევს. მე დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ წერის კულტურის ძალიან დიდ სიმაღლეზე ვარ.“- პოეტი (ბარსელი).

– ლექსების წერისთვის, როგორც წესი, მიზეზი არსებობს?
– კი, როგორც წესი, შეყვარებულები იწყებენ ლექსების წერას. მე არა. ამ მიზეზით არ დამიწყია. პირველი ლექსი ჩემს მეგობარს მივუძღვენი. გულწრფელი და დადებითი ემოციებით. სიყვარულის თემა ცოტა გვიან შემოვიდა.
– გარემო, რომელიც წერისთვის აუცილებელია..
– საერთოდ, ძალიან ესქტრემალური შინაგანი სამყარო მაქვს. უფრო მეტად ჩემი შემოქმედება  სიწყნარეში იბადება, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში ჩემი შთაგონება მზად არის წერისთვის.
პრობლემა ის მაქვს, რომ ლექსებს ვერ ვიმახსოვრებ, განსაკუთრებით ჩემს ლექსებს.
– შენი პოეზიის თემა10859843_774773285905059_304194152_n
– ზოგადსაკაცობრიოა, რომლის გაგებაც ცოტა რთულია. ამოგანლული ვარ მისტიკაში, მჯერა და მწამს იმის, რასაც ფიზიკური თვალი და ყური ვერ ითვალისწინებს. ამიტომ, ძირითადად, სატრფიალო ლექსებს ვაქვეყნებ. ძალიან მწყინს, რომ ჩემს უსაყვარლეს ქვეყანაში სათანადოდ არ აღიქმება ჩემი პოეზია და მისი გაგება არა „იავნანურია“. ფეხი რომ უნდა ამიწყოს ხალხმა, თითქოს მე ვუწყობ. რა თქმა უნდა, მე იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, მაგრამ გამოქვეყნების თვალსაზრისით ხალხს ვუხამებ ხასიათს და უფრო სამანდილოებს ვაქვეყნებ.
წიგნი რომ გამოდის, იქ პოეზია ორ ნაწილად იყოფა: საზრისიანებად და სამანდილოებად. ასე მაქვს დაყოფილი ჩემი შემოქმედება. წიგნში მთელი ჩემი პერსონა დევს შემოქმედების კუთხით. შეიძლება წიგნში კითხულობენ საზრისიან ლექსებს, მაგრამ მე თავს ვერ მოვიტყუებ, ადამიანებს სახეზე აწერიათ, რა ესმით და რა არა. ლექსები მოსწონთ, ხვდებიან რომ კარგია, ძლიერია, ძვირფასია, მაგრამ ბოლომდე უჭირთ მათი გაგება, ჩაღრმავება. ძალიან ცოტა, თუ ხვდება, რისი თქმა მინდა. რა დევს ლექსებში.
მეც ძალიან მიყვარს სატრფიალო ლექსები, მაგრამ ჩემი სტიქია მაინც სხვა არის – საზრისიანები, სულით და გულით იქ ვარ. არანაირად არ ვყალბობ და უზმოდ მადლიერი ვარ განგების წყალობის. ჩემი ენით, საოცრად მდიდარი ფანტაზიით და წარმოდგენებით გამოვხატავ ჩემს სამყაროს. და მაინც დავძენ, რომ უკეთ გამოხატვისათვის ფიზიკური სხეული მიშლის. შეიძლება რთულად ისახება, მაგრამ ეს სწორედ, ის არის რაც არის, რაც გველის, რაც უნდა გავაკეთოთ და არ ვაკეთებთ…
– „ჩემი ენაახსენე
– დიახ, ბევრი „ჩემეული სიტყვა“ მაქვს. მე არ დავმჯდარვარ და სიტყვა ხელოვნურად არ მომიფიქრებია. ეს სიტყვები ჩემში დაიბადა, წერის დროს ისეთი კონცენტრირებული სიტყვა შემოდის ხოლმე, რომელიც არ გამიგია, და რომ მოიძიოთ, არც არის – ეს უკვე ნამდვილად ჩემეულია. მაგალითად: ამიჩემ-შენდა, ქარბუქალიდი, ქარწამედები, ჩამომეშალნამქერა, გამო-გარე-დინებით, ნაბალუალუბლესო, დავღამდილაობ, ემუდარფეხოს, გამაახალშორა, ფონარია, ჩამოგვიანბნელდა, გეზმან-მიზან-გესიზმარე და ა.შ.
საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს წაადგება. მე სად წავიღებ ჩემს ლექსებს და სიტყვებს. ჩემი ხალხისთვის და ენის გამდიდრებისთის მინდა ყოველივე.
– აქტიური ხარ, როგორც პოეზიის ისე, საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობით10846925_774773289238392_1899908396_n
– ძალიან აქტიური ვარ, ალბათ, ისე, როგორც არავინ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ ამ პოეზიის საღამოებს საქართველოში სათანადო გამოხმაურება არ მოსდევს და გამოკვეთით შემიძლია ვთქვა, რომ პოეზია ყველაზე ძალიან იჩაგრება დღევანდელ საქართველოში. უბრალოდ, ადამიანების გულებს ვახარებთ, რაც ცოტა არ არის და მთავარია. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩემს ურიცხვ მკითხველებს, ზღვა ყურადღებისთვის და სითბოსთვის.
არ ვფასდებით, ვინც რამე ღირებულს ვაკეთებთ. არ აქვს მნიშვნელობა პოეტი იქნება თუ, სხვა რომელიმე ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი. საერთოდ, კულტურა, ხელოვნება, ის, რაც ღირებული და ფასეულია არ ფასდება. რატომ გვჭირს, ეს ჭირი ასე ძალუმად და გამძაფრებულად?!.
საქველმოქმედო საღამოებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ვაი, თუ ფეხი გადაგიბრუნდა ამ ქვეყანაში, დაღუპული ხარ. არც ამ საღამოებს აქვს აზრი, იმიტომ, რომ სატელევიზიო მხარდაჭერა არ არსებობს. შენი ხმა არავის არ ესმის…
– შეგიძლია, რომელიმე პოეზიის საღამო გამოყო?
– შორს რომ არ წავიდე, რამდენიმე დღის წინ მქონდა საკმაოდ არაორდინალური საღამო. ხალხის თვალწინ შეიქმნა ტილო, ჩემი პოეზიის შთაგონებით. ეს უკვე ბევრის მთქმელია.
2012 წელს ჩემს მეგობარ მხატვარ გოგა არეშიძესთან (რეშკა) ერთად, მისი ინიციატივით პირველად გავაკეთეთ საქართველოში პოეზიის და მხატვრობის ტანდემი. ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. ეს იდეა ფილიპინელების კონსულს ეროვნული მუზეუმის კურატორმა ლელა წიწუაშვილმა გააგებინა, რაზეც ფილიპინების ელჩი აღფრთოვანდა და შემომთავაზა კიდევ  გაგვეკეთებინა. ჩემთვისაც საინტერესო იყო, როგორ შეძლებდა ფილიპინელი მხატვარი ჩემი პოეზიის აღქმას. მხატვრობის კუთხით რამდენად ღირებული ტილო შეიქმნა, ამაზე არ მსურს საუბარი, მაგრამ ნათელი ფერების და დადებითი განწყობის ტილო მივიღეთ, რაც ხალხს ძალიან მოეწონა.
სატელევიო მხარდაჭერაზე უნდა ვთქვა. ჯერ მარტო უნდა გეამაყებოდეს ადამიანს, რომ საქართველოში, ეროვნულ მუზეუმში, ასეთი რამ ხდება. ქვეყნებს შორის თანამეგობრობის პროექტი ყალიბდება და ეს წაიყრუო… პარადოქსია, იმის ფონზე, რომ ამდენი არხი არსებობს, აბსოლუტურად ყველა ვალდებულია მოვიდეს და ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს. შენ არ გაინტერესებს, გასაგებია, მაგრამ ხალხს ხომ უნდა გააგებინო. მხოლოდ ერთი ტელეკომპანია „იმედი“ მოვიდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის რადიო გადაცემა „პიკის საათმა“ მიგვიწვია. ეს იყო და ეს. ეს უინტერესობა და გულგრილობა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, თუ არ მიგვიყვანა უკვე.
საინფორმაციო ვაკუუმი რომ არსებობდეს, გასაგებია. უბრალოდ, თავს არ იწუხებენ, არ გვეკითხებიან, ხალხს გვინდა თუ არა, მათ მიერ მოწოდებული ამდენი საზიზღრობა და უბედურება, პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ხალხის გაუბედურებას, გაბოროტებას და დაპირისპირებას. ეს ძალიან დიდი დანაშაულია ნებისმიერი არხის.
– ქართულ თანამედროვე პოეზიაზე და მწერლობაზე რას იტყვი?
– ვერ გეტყვი, რომ კარგი შთაბეჭდილება მაქვს. ჯობია არ ვისაუბრო, რა საშინელება ხდება გარშემო. მყავს რამდენიმე პოეტი, რომლებთანაც ვმეგობრობ. მაგრამ მხოლოდ ეს არ ქმნის ამინდს. შეიძლება გარიყულად ვჩანვარ, რომ ბარსელს არავისთან არ აქვს ურთიერთობა, ჯგუფურ გამოსვლებში მონაწილეობას არ იღებს, მარტოა. როცა სურვილი არ გაქვს იმ ადამიანებთან ერთად გამოსვლის, ასე უნდა იყოს. მყავს რამდენიმე პოეტი გვერდით, მაგალითად: თემურ ჩალაბაშვილი და კმაყოფილი ვარ. მეტის მოთხოვნა არ მაქვს და თუ დრო მოიტანს, ეს ბუნებრივად მოხდება.
– ალბათ, მაინც არიან პოეტები, რომლებიც მოგწონს?
– რუსთაველს მოაქვს დადებითი ზეგანწყობა. თანამედროვე პოეტებს არ დავასახელებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. რაც მთავარია, მე კონკურენტად არავის არ აღვიქვამ. ჩემი კონკურეტი ჯერ არ დაბადებულა. მე არავის არაფერს არ ვპარავ, გული გამისკდება პლაგიატიზმი დავუშვა.
– ექვსი კრებულის ავტორი ხარ974760_774773279238393_1591670801_n
– დიახ. პირველი კრებული, რომელსაც ვგმობ სახელით და გვარით არის გამოცემული და ძალიან სუსტია ტექნიკური და ოსტატობის მხრივ. დანარჩენი ფსევდონიმით: „365“, „უსახელო“. მერე მეგობარმა მომაწოდა იდეა, ჩემი ფსევდონი შვიდი ასოსგან შედგება და შვიდ ნაწილად დამეყო. როგორც პროექტი ისე გამოვიდა. ბარსელიდან სამი კრებული უკვე გამოსულია: „ადმანი“, „სივრცე“, „დრო“. თანხები რომ მქონდეს, ორი კრებული უკვე შემიძლია გამოვცე. უკვე გამოცემული წიგნები ჩემმა მეგობრებმა დააფინანსეს. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ და მეამაყებიან.
– ფსევდონიმი
– მოულოდნელად მოვიდა ეს სიტყვა. პატარა საიდუმლოა და ახლა ვერ ვიტყვი, რას ნიშნავს.
– ქვეყნიდან წასვლა არ გიფიქრია?
 – ხშირად ვფიქრობ ამაზე, სხვა ენას ისე რომ ვფლობდე, როგორც ქართულს, ერთი წუთით არ დავფიქრდებოდი. რადგან ქვეყანა არ ზრუნავს ხელოვნებაზე, როგორ ცხოვრობ, როგორ გაგაქვს თავი, ეს ლოგიკურია. სულ მეუბნებიან სხვა ქვეყნებში მყოფი ჩემი მეგობრები, რომ იმ ქვეყანაში მარტო ჰონორარით ვიცხოვრებდი. ლექსებიც არ ითარგმნება, უფრო სწორად ვერ გადაითარგმნება, რადგან ძალიან რთული ენის სპეციფიკით ვმოღვაწეობ, რაც სამომავლოდ დაფასდება, იმედია.
– სურვილი
-ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხელოვნებისადმი აღქმის და გაშუქების მიმართულება უნდა შეიცვალოს. მეტი დრო უნდა დაუთმოს მედიამ კულტურას. მთელი ტელევიზია პროვოკაციაზე და აღვირახსნილობაზეა აგებული.
მედიას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ სადავეები ისეთ ხალხს უკავია, რომლებსაც სურვილი არ აქვთ, ხელოვნება და კულტურა პრიორიტეტი იყოს ქვეყანაში. ჟურნალსიტებს რა უნდა მოვთხოვოთ, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. სათავეებშია პრობლემა…

მზევინარ ხუციშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები