„ქალაქის სტრუქტურა რთული ორგანიზმია, მაგრამ მაინც უნდა აღადგინო ისე, როგორც საჭიროა…“

          „არქიტექტორი თავისუფალია, როცა არის ჭკვიანი დამკვეთი. ის გენდობა და შენ აკეთებ. არქიტექტორი თავისუფალი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში…“ – არქიტექტორი ზურაბ ჯალაღანია.

– როგორ აირჩიეთ პროფესია?
– სიმართლე გითხრათ, სკოლაში ქიმია მასწავლებლებზე უკეთესად ვიცოდი. ყველა ფიქრობდა, რომ ქიმიკოსი გავხდებოდი. მე რომ სკოლა დავამთავრე, ჩემი და უკვე არქიტექტურის ფაკულტეტს ამთავრებდა. მისი დაჟინებული თხოვნით, მეც პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
სწავლა რომ დავიწყე, დავინტერესდი ამ პროფესიით. კარგი ჯგუფი გვყავდა. ჩემი სადიპლომი ნამუშევარი იყო იალტის ვაგზალი, რომლის პროექტიც გიორგი ჩახავასთან და ოთარ ნახუცრიშვილთან ერთად 1962-66 წლებში განვახორციელე.
– წლების განმავლობაში არაერთ პროექტზე იმუშავეთ, ყველაზე საინტერესო რომელი იყო?
– იალტის ვაგზალი და საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, სადაც სამოქალაქო ნაგებობების განყოფილების უფროსი ვიყავი.
სამინისტროს შენობა საინტერესოა თავისი სტრუქტურით, არქიტექტურით. შენობამ საყოველთაო ყურადღება მიიპყრო. შენობის ფოტო პირველად გარეკანზე ჟურნალმა „ტაიმმა“ დაბეჭდა, შემდეგ იტალიურმა არქიტექტურულმა ჟურნალმა „დომუსმა“, აგრეთვე პოლონურმა, გერმანულმა, ბელგიურმა გამოცემებმა.
გერმანელებმა „გაფრენილი სახლი“ უწოდეს. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი წერდა: „დასავლეთისათვის მოულოდნელი აღმოჩენაა ეს მონუმენტური შენობა, რომელმაც საბჭოთა არქიტექტურაში არსებული მრავალი სტანდარტი და კლიშე დაამსხვრია.“
1980 წელს შენობის პროექტირებისა და მშენებლობისათვის ავტორებს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია მოგვენიჭა. 1986 წლიდან შენობას არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს.
– როგორ დაიწყო ამ შენობის აგება?
– 70-იანი წლების დასაწყისში საავტომობილო გზების სამინისტრო მაჩაბლის ქუჩის 8-ში, ძველი შენობის ნახევარსარდაფში იყო შეყუჟული. მინისტრმა გიორგი რობიტაშვილმა მთავრობას სთხოვა, ნაკვეთი გამოგვიყავით, სამინისტროს შენობას კი ჩვენი ძალებით ავაშენებთო. მშენებლობის ხელმძღვანელობა მინისტრის მოადგილეს, არქიტექტორ გიორგი ჩახავს ევალებოდა.
ჩვენთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა შემოთავაზებული ადგილი, ვაჟა-ფშაველასა და ნუცუბიძის ქუჩების ბოლოში მდებარე, ვრცელი, დაცემული ტერიტორია. ადგილის ძებნა რომ დავიწყეთ, გაგარინის ქუჩა ახალი გაჭრილი იყო. ქალაქიდან გამავალ გზაზე, მარჯვენა მხარეს იყო ეკალ-ბარდებით დაფარული, 33 მეტრის სიმაღლის საკმაოდ დამრეცი, კლდოვანი ფერდობი. ზემოდან ჩამომავალ წყალს ხევი გაეკეთებინა, ამ ხევით მიექანებოდა და მტკვარში ჩაედინებოდა.10836472_774331889282532_1871194589_n
რელიეფის შესწავლას დიდი დრო მოვანდომეთ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი იყო. ამ ძიებაში კი გაჩნდა ახალი იდეა, შენობა კოშკებზე, ჰაერში დაგვედგა. ნაგებობის ჩონჩხი რომ გამოიკვეთა, პროექტი მალევე გაკეთდა. ადგილის შესწავლასა და დაპროექტებას სულ ერთი წელი დასჭირდა.
მშენებლობა 1972 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 1975 წლის დეკემბერში დამთავრდა. თავდაპირველად სამი სხვადსხვა სიმაღლის კოშკი აშენდა – ერთი 17 -სართულიანი, მეორე – 13- სართულიანი, მესამე – 7- სართულიანი. რადგან სამივე კოშკი კლდეზე დგას, ამიტომ სეისმურად საკმაოდ მყარია. ამ მონოლითურ კოშკებზე ხიდებივით გაიდო ქარხანაში დამზადებული ორსართულიანი ფერმები. შემდეგ ეს ყველაფერი გადაიხურა და კარკასი შეიკრა. შენობა ბუნებრივად დაიყო ბლოკებად და იქ სამინისტროს სხვადასხვა განყოფილება განთავსდა. მიწისქვეშა სართულზე მოეწყო კლუბი, სასადილო, სააქტო დარბაზი, ავტოფარეხი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არი, რომ 16 ათასი კვადრატული მეტრის ნაგებობა მიწის მხოლოდ 450 კვადრატულ მეტრ ფართობს იკავებს, მხოლოდ იმას, სადაც კოშკები დგას, ეზო გამწვანებისათვის მთლიანად თავისუფალია, ბუნებრივი გარემო შენარჩუნებული, კოშკებს შორის კი კასკადზე ჩანჩქერი ჩამოდის. შენობიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ოთახები ნათელია, მზიანი და ჰაერიანი.
– კაფე „ფანტაზია“…
– პროექტის ავტორები ვართ: არქიტექტორი გიორგი ჩახავა, მე, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი – ზურაბ კაპანაძე და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია.
შენობის ასაგებად გამოიყო ადგილი, ახლანდელი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის პანსიონატის პირდაპირ.
გეტყვით, რა ტექნოლოგიით არის აშენებული „რვაფეხა“. თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, ღებულობდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. რაც შეეხება მოპირკეთებას, ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აიღეს. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქიდან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას „სმალტას“ უწოდებდნენ. „რვაფეხა“ მოპირკეთებულია უნიკალური ფილებით. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას. შედეგად ბათუმში გაჩნდა ულამაზესი ნაგებობა. შიგნით ამოქმედდა კაფე „ფანტაზია“.
„რვაფეხა“ მალე გადაიქცა ბათუმელების საყვარელ თავშეყრის ადგილად. ის შეტანილი იყო ტურისტების ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერების მარშრუტში.10559181_774331885949199_168718798_n
კაფე „ფანტაზია“ 1987 წელს დავამთავრეთ და იმის შემდეგ, ხელი არავის უხლია. თუ არ აღადგინე, ნებისმიერი შენობა დაინგრევა. მე ჩემი დახმარება შევთავაზე, ერთად აღვადგინოთ. მაგრამ ამბობენ, რომ უნდა გადაიტანონ, რაც შეუძლებელია. უბრალოდ დაიშლება.
– რას იტყვით თბილისის ახლანდელ არქიტექტურაზე?
– საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა, არის მაგალითი, როგორი შენობები უნდა აშენდეს ჩვენს რელიეფზე. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი შენობა შენდება, რომ რელიეფი მთლიანად გაფუჭებულია და არც არავის არ ეკითხებიან. არ მომწონს პრეზიდენტის სასახლე, ფაქტობრივად თეთრი სახლის გადამღერებაა.
ჩემთან კონსულტაციაზე მოდიან სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ვხედავ, რომ ახალგაზრდები, ძირითადად, კომპიუტერთან მუშაობენ, რაც მე არ მომწონს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს არქიტექტურასთან. ელემენტარულად ხაზის გასმა არ იციან. ეს მხოლოდ დიზაინის დონეა.
თუმცა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არიან წარმატებული არქიტექტორები. საზღვარგარეთ გავიდნენ გამოფენებზე და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. არც არის აუცილებელი მილიონი არქიტექტორი იყოს თბილისში.
მთავარია გააზრებულად გაკეთდეს. არქიტექტორმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ დარგის განვითარებაში. შოთა ყავლაშვილი აკეთებდა ძველი თბილისის რეკონსტრუქციას და კარგად გაკეთდა. კარგად არის აღდგენილი აღმაშენებლის გამზირი. არადა, ვერ გაივლიდი, ისეთ მდგომარეობაში იყო.
– პროექტი, რომელიც გინდოდათ და ვერ განახორციელეთ?
– 10 წლის წინ გიორგი ჩახავასთან ერთად გავაკეთეთ საცხოვრებელი სახლის შენობის პროექტი, რომელიც ვაკეში, ბაგებში უნდა აშენებულიყო. სამწუხაროდ, ჩაიშალა ეს პროექტი. ამ შემთხვევაშიც გააფუჭეს რელიეფი. ერთმანეთზეა მილაგებული შენობები. ამ კუთხით, ფაქტობრივად, მთელი ქალაქი დამახინჯებულია.
– ახლა მუშაობთ?
– იშვიათად, მაგრამ მაინც მაქვს პატარა პროექტები. ბოლო ხუთი წელია, საერთოდ ჩაიშალა მშენებლობები. მოთხოვნები აღარ არის. გამოჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებსაც სულ არ აინტერესებთ არქიტექტურა. მათთვის მნიშვნელოვანი ფულია.
მე კონკურსებს ვერ ვიტან. არასდროს მიმიღია მონაწილეობა და არც მივიღებ. არ მაინტერესებს. კონკურსი და ტენდერი არის, როცა ვიღაცა მიწყვეტს, რა უნდა გავაკეთო. ეს კი არქიტექტურისთვის დამღუპველია.
არქიტექტორი თავისუფალია, როცა არის ჭკვიანი დამკვეთი. ის გენდობა და შენ აკეთებ. არქიტექტორი თავისუფალი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში.
– რას უსურვებთ მომავალ არქიტექტორებს?
– წარმატებას და უბრალოდ ვეტყვი, რომ საზღვარგარეთ: საფრანგეთში, ამერიკაში, ესპანეთში, იაპონიაში ძალიან კარგი და დიდი არქიტექტურული სკოლებია. წავიდნენ და ისწავლონ. ხელით იმუშაონ და არა კომპიუტერთან.
თვითონ ქალაქის სტრუქტურა რთული ორგანიზმია, მაგრამ მაინც უნდა აღადგინო ისე, როგორც საჭიროა. გეგმა უნდა შემუშავდეს და იმის მიხედვით უნდა დაიწყონ საქმის კეთება. უმრავლესობმა მათგანმა კი ხაზის გასმაც არ იცის…

მზევინარ ხუციშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები