რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ მოქალაქეები თავს თბილისში სეირნობისას?
უსაფრთხოება გარემოში და დაცულოების შეგრძნება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის არის საჭირო. ურბანიზაციის პარალელურად უსაფრთხოების მიღწევა კი კიდევ უფრო რთულია, რადგან ქალაქში კრიმინალი მეტად მოსალოდნელია.
რამდენად უსაფრთხო ქალაქია თბილისი და გრძნობენ თუ არა მოქალაქეები თავს დაცულად ქუჩაში გადაადგილებისას? საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანია ACT-ის მიერ 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი (75%) ღამით საკუთარ უბანში სეირნობისას თავს სრულიად უსაფრთხოდ ან უსაფრთხოდ გრძნობს. ამასთნ, უსაფრთხოების შეგრძნების ნაკლებობას უფრო მეტად ქალები განიცდიან (დაუცველად – 25%, სრულიად დაუცველად – 7%).
კვლევის ფარგლებში ასევე დაისვა შეკითხა უსაფრთხოების თვალსაზრისით გარემოს ცვლილების შესახებ ბოლო სამი წლის მანძილზე. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა უმრავლესობა (46%) მიიჩნევს, რომ მდგომარეობა ამ მხრივ თბილისში არ შეცვლილა. გამოკითხულთა 33% თვლის, რომ სიტუაცია გაუარესდა, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით დღესდღეობით თბილისში უკეთესი მდგომარეობაა.
უსაფრთხოების შეგრძნება ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთი ფუნდამენტური განმსაზღვრელი ფაქტორია.
ქალაქში უსაფრთხოების დონის თვალსაზრისით, მსოფლიო ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილზე მელბურნი (ავსტრალია), მეორე ადგილზე ვენა (ავსტრია), ხოლო მესამე ადგილზე ვანკუვერი (კანადა) დასახელდა.
წყარო: Economist Intelligence Unit www.economist.com