ქართველ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თანამედროვე ქართველ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა. გამოიფინება ათი ავტორის 200-მდე ნიმუში, რომლებიც ეფუძნება ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნების ტრადიციებს, ტექნიკურ საშუალებებს და სხვა. კალიგრაფობა – კალიგრაფია – ოდითგანვე ერთ-ერთი უძველესი და საპატიო პროფესია იყო საქართველოში. წიგნის მოხატვასთან, მოჭედვასთან, შემკობასა თუ საზედაო ასოებთან ერთად მას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. ამიტომაც მოაღწია ჩვენამდე ცნობილ ქართველ კალიგრაფთა – მაკარი ლეთეთელის, იოანე ბერაის, სიმონ, გიორგი, იოანე დვალების, ქალი გადამწერების – ეკატერინე აბაშიძის, ელისაბედ ჯორჯაძის, ანა ამირეჯიბის და სხვა ოსტატთა სახელებმა.
კალიგრაფობა, ანუ ლამაზად წერა, გულისხმობს ქართული დამწერლობის ღრმა ცოდნასა და სწორად გაგებას. იგი ემსახურება საზოგადოებრივ განათლებას, ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. ქართული კალიგრაფია განუყოფელია წიგნის ხელოვნებასა თუ სხვადასხვა პერიოდის სიგელ-გუჯრებსა და დიდ ადამიანთა ხელრთვასთან.
გამოფენა 16 დეკემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები