თამარ ბერუჩაშვილი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს მინისტრი ბულგარეთის, ბელგიის, პორტუგალიის, ლიტვის, ისლანდიის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგა მინისტრებთან შეხვედრის დროს საუბარი დაეთმო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას. ხაზი გაესვა იმ საფრთხეებს, რასაც მოსკოვის ეს ნაბიჯი შეიცავს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება განხილული უნდა იქნას საერთო ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების გამო.
ორმხრივ შეხვედრებზე მინისტრმა კოლეგებს ასევე გაუზიარა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანები ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ხაზი გაესვა აღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას და სხვადასხვა სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები