ობამამ ავღანეთში სამხედროების ამოცანები გააფართოვა
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების კომპეტენცია გააფართოვა. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს სამხედროებს თალიბების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობის და ავღანური ძალებისთვის ხმელეთზე და ჰაერიდან მხარდაჭერის ნებართვა ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ავღანეთში 10 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მაისში ობამამ განაცხადა, რომ 2015 წელს ავღანეთში აშშ-ს სამხედროების როლი მხოლოდ ავღანური ძალების უსაფრთხოების საკითხებში სწავლება და „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ კონტრტერორისტულ ოპერაციებში მხარდაჭერა იქნება. თუმცა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურების შემდეგ ვაშინგტონმა ავღანეთში ამერიკელი სამხედროების როლის გაძლიერება გადაწყვიტა.