ე.წ. გასაღების გადაცემისთვის პროვაიდერები მზად არ არიან

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ერთი “გასაღები“ სასამართლოს, მეორე კი პროვაიდერებს უნდა ჰქონდეთ, ოპერატორებისთვის მიუღებელი და გაუგებარია.
როგორც “კვირასთან“ კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ თუ სახელმწიფო, ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორებითვის გადაცემას გადაწყვეტს, კანონში ნათლად უნდა გაიწეროს, რა ვალდებულებები დაეკისრებათ შესაბამის კომპანიას.
მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულებების ეფექტურად შესრულება და ინფორმაციის დაცულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. პროვაიდერ კომპანიებს შორის საკითხთან მიმართებაში ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს კომპანია “მაგთიკომს“ კომპანიაშიაში აცხადებენ, რომ ე.წ. გასაღების ქონა მათთვის ცალსახად მიუღებელია.
როგორც “კვირას“ მაგთიკომის” იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილემ ირაკლი მჟავანაძემ განუცხადა, კერძო კომპანიების მიღმა უცხოური დამფუძნებლები დგანან.
მისი თქმით, შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ არაუფლებამოსილ პირებს აღნიშნულ ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა ჰქონდეთ. მჟავანაძე მაღალ ხარჯებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიაში ე.წ. გასაღების არსებობის შემთხვევაში “მაგთის“ ახალი თანამშრომლების ასაყვანად და ტექნიკური რესურსის მობილიზებისთვის არაადეკვატური სახსრების გაღება მოუწევს.
“მაგთისთვის“ ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ე.წ. გასაღების ქონა. ეს მიდგომა, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ კერძო კომპანიების უკან დგანან უცხოური დამფუძნებლები. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინფორმაციები არამიზნობრივად იქნას გამოყენებული. ამას ემატება ხარჯები, რომლის გაღებაც კომპანიას მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი გასაღები კანონით დაკისრებული ვალდებულებით მას ექნება. ასევე, კოპმანიებს არ აქვთ ამ მსგავსი ამოცანების შესრულების გამოცდილება, რაც ინფორმაციების დაცულობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კომპრომისულ ვარიანტად გვეჩვენება ორგასაღებიანი მოდელი, რა დროსაც გასაღებები იარსებებს კომპანიის ფარგლებს მიღმა საჯარო უფლებამოსილების მქონე სტრუქტურებში“, – განუცხადა “კვირას“ ირაკლი მჟავანაძემ.
კომპანიების წარმომადგენლებს შენიშვნები აქვთ ვადებთან დაკავშირებითაც, როგორც “კვირას“ “ჯეოსელის“ იურისტმა ლევან გიორგაძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ “ჯეოსელს“ გასაღების ფლობის უფლებას და ამ უფლებით განსაზღვრულ ვალდებულებების უახლოეს პერიოდში დააკისრებენ, კოპმანია ამ საქმის ეფექტურად შესრულების პირობას ვერ დადებს.
“რა სახის ვალდებულებები დაგვეკისრება, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. კანონპროექტში ტექნიკური ნიუანსები ბუნდოვნადაა მოყვანილი. ასევე არ ვიცით, რა ვადებში მოგვიწევს სამუშაოების ჩატარება. თუ ეს არაგონივრულ ვადებში იქნება გაწერილი, დიდი ალბათობით ჩვენ დაკისრებულ ვალდებულებეს თავს ვერ გავართმევთ. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს უკავშირდება – ქსელის მოდერნიზაციას, ტექნიკურ რესურსს და დამატებით თანამშრომლებს მოითხოვს, დიდი ალბათობით ამისთვის სახსრების გაღება თავად კომპანიას მოუწევს“, -აღნიშნა ლევან გიორგაძემ.10818540_316612975211559_1492308979_n
მისივე თქმით, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო გათვალისწინებული მობილური ოპერატორების პოზიცია და “ჯეოსელის“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები ამ კანოპროექტის ავტორებს არ გაუვლიათ. საკითხზეც დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვთ “სილქნეტშიც“ . როგორც “კვირას“ კომპანიის ინფორმაციული მართვის დირექტორმა გიორგი ზღულაძემ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მასშტაბური ინფორმაციის დაცვას ძალიან დიდი ფინანსური, ტექნიკური და მატერიალური რესურსი სჭირდება, რის მობილიზებასაც კომპანია მოკლე ვადებში ვერ მოახერხებს. მისი თქმით, ამ და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე “სილქნეტი“ მონაცემების სრულყოფილად დაცვის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. “უნდა იყოს თუ არა “გასაღები “ოპერატორებთან, ეს ჩვენს ნება – სურვილზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ მზად ვართ, კანონით განსაზღვრული ე.წ. გასაღების ფლობის ვალდებულება შევასრულოთ, თუ სახელმწიფო დაგვაკისრებს. თუმცა რამდენად ეფექტურად შევასრულებთ ამ ვალდებულებებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფორმით იქნება მიღებული დოკუმენტი პასუხისმგებლობის აღება მასშტაბური ინფორმაციის შენახვაზე და დაცვაზე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფინანსურ, ტექნიკურ და მატერიალურ რესურსთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელება პირველ დეკემბრამდე ჩვენი კომპანიის მხრიდან შეუძლებელი იქნება. იმ ტიპის და მოცულობის ინფორმაციის შენახვას, რასაც კანონი გულისხმობს, დრო და შესაბამისი ორგანიზება სჭირდება”, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ზღულაძემ. კომპანია “ახალ ქსელებში“ ფიქრობენ, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტებში ე.წ. გასაღების ცნება ნათლად არაა განმარტებული, რაც საზოგადოების, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლების დაბნეულობას იწვევს. როგორც “კვირასთან“ საუბრისას “ახალ ქსელების“ ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ინჯიამ განაცხადა საჭიროა განმარტება თუ რას გულისხმობს კონკრეტულად ე.წ გასაღები და რა ვალდებულებებს დააკისრებს მისი გადაცემა ოპერატორებს. 10805351_316613031878220_1362484195_n“ახალ ქსელებში“ მზად არიან , რომ ე.წ გასაღები “ჩაიბარონ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ ვალდებულებასთან ერთად სახელმწიფომ ოპერატორებს ფინანსებიც უნდა გამოუყოს. ინჯიას თქმით, მონაცემების თავმოყრისთვის და დაცულობისთვის კომპანიებს ტექნიკური გადაიარაღება მოუწევთ, რისი განხორციელბასაც სერიზული თანხები სჭირდება. “არამხოლოდ “ახალ ქსელები “ არამედ არცერთ სატელეკომუნიკაციო კომპანია ტექნიკურად არ არის მზად, რომ ე.წ გასაღების ფლობით დაკისრებული ვალდებულებები განახორციელოს. საჭიროა ტექნიკური გადაიარაღება, რომელიც არცთუისე მცირე თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ოდენობის თანხები არცერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიას არ გააჩნია. თუმცა თუ სახელმწიფოს მიერ იქნება დაფინანსებული ეს ვალდებულება “ახალი ქსელები“ მზადაა მაქსიმალურად ეფეტურად შეასრულოს ეს ფუნქცია. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ ჯერ “გასღების“ ცნება და ფუნქციები უნდა განისაზღვროს და შემდგომ დაიწყოს მსჯელობა, ვის უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა“-განუცხადა “კვირას“ ლევან ინჯიამ. “გასაღების“ მობილური ოპერატერობისთვის გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარს “ბილაინში” აკეთებენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო გათვალისწინებული მობილური ოპეარატორების პოზიცია, რის გამოც, რიგი საკითხები დღემდე ბუნდოვანი რჩება. “განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სატელეფონო კომპანიები არ ფლობენ შესაბამის კვალიფიკაციას, იმისთვის რომ ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის მართვა საკუთარ თავზე აიღონ”, – აცხადებენ ბილაინში. ცნობისთვის ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა საკანონმდებლო წინადადება. მათ მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, მეორე ელექტრონულ პროვაიდერ კომპანიებს.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები