“არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ გასაღები შსს-ს უნდა გადაეცეს”
სამართლის დოქტორი მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გადაეცეს. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული არა მხოლოდ მისი, არამედ მინიმუმ 4-5 საერთაშორისო ექსპერტის პოზიციაა. როგორც ტურავა ამბობს, ის არაერთ საერთაშორისო ექსპერტს ესაუბრა და ყველა მათგანი აღნიშნულ ვარიანტს იწონებს.
მერაბ ტურავას განმარტებით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. სამართლის დოქტორს მაგალითად მოჰყავს საფრანგეთის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება კანონი, რითაც აღნიშნული უფლებამოსილება სამართალდამცავი ორგანოების ხელში გადადის, რადგან თანამედროვე მსოფლიოში ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გამოწვევები დიდია.
სამართლის დოქტორი ფიქრობს, რომ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებს არ სურთ ე.წ . გასაღები კერძო კომპანიების ან სხვა ორგანიზაციების ხელში იყოს.
მისივე თქმით, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას შეცდომა და ერთი ე.წ. გასაღები უნდა გადასცეს შსს ორგანოს, რომელიც ქვეყნაში უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
„ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი მიდგომა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების საკითხზე ჩამოყალიბებული არ არის. არის სხვადასხვა მიდგომა. ქართული რეალობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ, რომ ე.წ. გასაღები შსს-ს და პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ჰქონდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურს ვაკისრებთ ვალდებულებას, რომ საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ. დაცული იყოს მეტროები, შენობები, არ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რომლისგანაც საზოგადოების დაცვა აუცილებელია. ასეთ ვითარებაში ჩვენ არ გვაქვს უფლება, ორგანოს, რომელსაც ვალდებულებებს ვაკისრებთ, იმავდროულად, არ ვენდოთ და მინიმუმ ერთი გასაღები არ მივცეთ, რათა მან უფრო ეფექტიანად იზრუნოს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“ , – განაცხადა მერაბ ტურავამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
რაც შეეხება პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, სამართლის დოქტორის განმარტებით, მეორე ე.წ. გასაღები უნდა ჰქონდეს მას, რადგან მისი უფლებამოსილებები იზრდება – ინპექტორის დანიშვნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის მიერ და სარგებლობს ისეთი იმუნიტეტით და ხელშეუხებლობით, როგორიც აქვს მოსამართლეს.
„პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის საქართველოში სამართლებრივი ფიგურა, რომლითაც 1 აგვისტოს კანონით უფლებამოსილებების სტატუსი უფრო გაძლიერდა. იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგით უნდა გაძლიერებულიყო და გაძლიერდეს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ფუნქცია. ყველამ კარგად წაიკითხა პირველი აგვისტოს ცვლილებები, რომელის მიხედვითაც იზრდება ამ თანამდებობის პირის უფებამოსილებები და ფუნქციები. მისი დანიშვნა ამიერიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ პარლამენტის მიერ. თუ ჩვენ კანონს წავიკითხავთ, მას ისეთი იმუნიტეტი და ხელშეუხებლობები აქვს, როგორიც მოსამართლეს. არ შეიძლება მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ოთახის ჩხრეკა, დაპატიმრება, დაკავება და ა.შ. თუ საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას უნდა, უფრო ნაკლები კითხვის ნიშნები იყოს იგივე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან დაკავშირებით, კეთილი ინებონ და ამ ახალი ნორმით ხელახლა პარლამენტს წარუდგინონ, პარლამენტის მიერ მოხდეს ამ სამართლებრივი ფიგურის თანამდებობაზე გამწესება. მე არ მეგულება საქართველოში კანონიდან გამომდინარე პირი, რომელიც უფრო უკეთესად შეასრულებს ერთ-ერთი გასაღების მოვლის ფუნქციას, ვიდრე ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, იგივე ახალი ტენდენციები. მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილება. საფრანგეთმა 2015 წლის იანვრიდან უნდა აამოქმედოს კანონი, რომლის მიხედვითაც ეს უფლებამოსილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამართალდამცავი ორგანოების ხელში გადადის იმდენად, რამდენადაც თანამედროვე მსოფლიოში დიდია გამოწვევები ორგანიზებულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში . მე არა მგონია, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს უნდოდეთ ის, რომ კერძო კომპანიების ან სხვა ორგანიზაციების ხელში იყოს გასაღები“, – ამბობს ტურავა.
რაც შეეხება ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების სასამართლოს ხელში არსებობას, ტურავას თქმით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეწინააღმდეგება მსოფლიოს სამართლებრივ პრაქტიკას.
„ყველა დემოკრატიულ სახემწიფოში და მათ შორის საქართველოში სასამართლოს აქვს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის ფუნქცია. ის ორგანო, რომელიც ნებართვას გასცემს და სასამართლო კონტროლს ახორციელებს ფარულ მოსმენაზე, იმავდროულად, ვერ იქნება მის მიერ გადაწყვეტილების აღმსრულებელი. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას შეცდომა და უნდა შეჯერდეს ყველაზე სწორ ვარიანტზე. დღეს საქართველოში მე, როგორც სამართლის პროფესორი, რომელსაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში არაერთ უცხოელ ექსპერტთან მქონდა სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაცია, ყველა უცხოელმა, რომელსაც მე მივწერე და ვესაუბრე ამ საკითხზე ყველამ ცალსახად და უპირობოდ მოიწონა ის ვარიანტი, როდესაც, ერთი მხრივ, შს სამინისტროსათვის გასაღების მიცემით დაცული იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოება, მაგრამ ცდუნება, რომ არ გაუჩნდეს შსს-ს და ფარული მოსმენები უკანონოდ რომ არ განახორციელოს, ამის გამო მეორე გასაღები რომ იქნება ისეთი დამოუკიდებელი ორგანოს ხელში, როგორიც არის პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, აი, ამ ორ ორგანოს შორის ფუნქციის განაწილება ეს არი არა მარტო ჩემი პოზიცია, არამედ მინიმუმ 4-5 ექსპერტის პოზიცია. ეს მიჩნეული იქნა სრულიად მისაღებად და დასაბუთებულად დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, – აცხადებს სამართლის დოქტორი მერაბ ტურავა.