„კვიციანის 12 -წლიანი პატიმრობა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟია“

სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი სასამართლოს მიერ ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილ 12 – წლიან სასჯელს საბოტაჟს უწოდებს და ხელისუფლებას მიმართავს.
„თუ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, სამხედრო ქსპერტები, ვეტერანები, პოლიტპატიმრები და პატრიოტები სხვანაირად იმოქმედებენ“, – ასეთია ტრისტან წითელაშვილის გაფრთხილება, რომელიც მან საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გაახმოვანა.
„სასამართლომ ემზარ კვიციანთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო მიზანმიმართული მოქმედება, საბატაჟი არა ემზარ კვიციანის, არამედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. კვიციანი თავის დროზე ყოველთვის საქართველოს საქმეს აკეთებდა და მისი დამსახურება იყო, რომ მოწინააღმდეგე კოდორის ხეობაზე კონტროლს ვერ ახერხებდა. ემზარ კვიციანი იცავდა კორდორის ხეობის ტერიტორიებს, მაგრამ როცა სააკაშვილმა ხეობის გასხვისებაზე გარიგება აწარმოა, კვიციანი მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სააკაშვილმა გადადგა პირველი ნაბიჯი, როცა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და კოდორის დაკარგვის მცდელობა სწორედ აქედან დაიწყო. ეს ხეობა სამხედროებისთვის იყო პლაცდარმი, საიდანაც აფხაზეთს ვაკონტროლებდით“, – აღნიშნა წითელაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.
მან ხელისუფლებას და პარლამენტს მოუწოდა, ემზარ კვიციანის საქმე დაუყოვნებლივ შეისწავლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარგი არაფერი მოხდება:
„დღევანდელმა ხელისუფლებამ, პარლამენტმა კეთილი უნდა ინებოს და შექმნას კომისია, რომელიც ემზარ კვიციანის საქმეს შეისწავლის. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო გონიერებას გამოიჩენს და ობიეტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ექსპერტები, ვეტერანები და პოლიტპატიმრები პროცესებს სულ სხვა ფორმას მივცემთ და ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა წითელაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან ემზარ კვიციანისთვის, როგორც გმირისთვის, მადლობის გამოცხადებას უფრო ელოდა, ვიდრე პატიმრობას:
„დღევანდელი ხელისუფლებისგან ველოდებოდი, რომ როგორც დამსახურებულ პიროვნებას, ემზარ კვიციანს წაახალისებდნენ და მადლობას გამოუცხადებდნენ. არადა, საბოტაჟი მივიღეთ.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები