ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ალასანია, ამერიკაში ვიზიტს საკუთარი რეაბილიტაციისთვის გამოიყენებს
„ირაკლი ალასანიას, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ღირსება შელახულია, ის თავის საერთაშორისო კონტაქტების გამყარებას და რეაბილიტაციას შეეცდება“,- აღნიშნული განცხადება პოლიტოგმა ნიკა ჩიტაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩიტაძის განცხადებით,ალასანია შტატებში დაგეგმილი ვიზიტებისას შეეცდება, საკუთარი პოზიცია დაანახოს დასავლეთს და ესაუბროს, რამდენად კანონიერად გაათავისუფლეს იგი.
„ალასანიას მიზანია, დასავლეთთან კონტაქტები გაამყაროს. ის, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ღირსებაშელახულია, რადგან პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ბრალს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დებს. „თავისუფალი დემოკრატები“ და მთავრობიდან გადამდგარი თუ გადაყენებული პროდასავლური მინისტრები შეეცდებიან რეაბილიტაციას“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ჩიტაძემ ალასანიასთან კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები 15 ნოემბრის აქციის შეფასების გამო გააკრიტიკა. მანვე ხაზი პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესების საჭიროებას გაუსვა და ხელისუფლებას ბრალი პოლიტიკურ ანტაგონიზმში დასდო.
„პოლიტიკური ანტაგონიზმია და მიუღებელია, როდესაც გამოდის პრემიერი და ალასანიას უწოდებს უჭკუოს. ამით ის ხელს უწყობს დაძაბულობას და იმას, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მომავალში არ იყონ კონსტრუქციულები. არ არის სწორი, არც ის, როდესაც „ნაციონალებს“ მოღალატეებს უწოდებენ და გამოჰყავთ ისე, თითქოს აფხაზეთი მათ დროს დაიკარგა და მანამდე რაიმე კონტროლი გააჩნდა ვითომ მათზე საქართველს. დაძაბულობას და მოქალაქეების დაპირესპირებას უწყობს ხელს ისიც, რომ მოქალაქეთა ნაწილს, იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე იმყოფებოდა 15 ნოემბერს, 15 -ლარიანებს ეძახიან, თითქოსდა მათ აქციაზე მისვლისთვის ფული გადაუხადეს“,- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.