დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიდერლანდების პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არდ ვან დერ სტერს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსი იყო.
ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული კურსი უცვლელია.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონულ საფრთხეებზეც. როგორც აღინიშნა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა დასაძლევად საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობაა აუცილებელი.
ასევე, საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების პროექტსაც, რომელიც, როგორც შეხვედრაზე განმარტეს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობას ისახავს მიზნად. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ქვეყნის ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებას აგრძელებს.