კახა გოგოლაშვილი: რუსეთი უკრაინაში უკვე დამარცხდა
უკრაინის მოვლენებს პორტალ “კვირასთან“ ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აფასებს. გოგოლაშვილს, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მსგავსად, მიაჩნია, რომ უკრაინის დრამატული სურათი რუსეთის ხელისუფლების მიერ ვიქტორ იანუკოვიჩზე განხორციელებული ზეწოლის შედეგია. ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი პოზიციებს არ თმობს და კვლავ რუსეთის კარნახით მოქმედებს, რუსეთი უკრაინაში უკვე დამარცხდა. გოგოლაშვილს ამის მაგალითად კიევის ქუჩებში გამოსული ევროინტეგრაციის მომხრეები მოჰყავს, რომელებიც მთელს მსოფლიოს, მათ შორის რუსეთს უმტკიცებენ, რომ მათ ევროკავშირი სურთ და არა რუსეთი.
“უკრაინაში მოვლენების ასე დრამატულად განვითარებას არც თავად იანუკოვიჩი, არც რუსეთი და არც უკრაინის ოპოზიციის ლიდერები არ ელოდნენ. უკრაინელების ხასიათში კომპრომისზე წასვლა არ ზის და ეს ნათლად დაადასტურა იქ განვითარებულმა მოვლენებმა. დაპირისპირებულ მხარეებს რადიკალური მოთხოვნები აქვთ, იანუკოვიჩი კი დათმობაზე არ მიდის. მას რუსეთის ხელისუფლებამ ალტერნატივა არ დაუტოვა და იმ სქემით აგრძელებს მოქმედებას, რასაც რუსეთის მმართველები კარნახობენ.
ერთი შეხედვით ისეთი სურათი იქმნება, რომ უკრაინაში რუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ რუსეთი უკრაინაში უკვე დამარცხდა. ამას ადასტურებენ ევროინტეგრაციის სურვილით ანთებული ის მომიტინგეები, რომლებიც ყოველდღე ამტკიცებენ, რომ არ სურთ რუსეთი და ევროკავშირში უნდათ. რუსეთის იმიჯი მსოფლიოში ამ მოვლენების შემდეგ ძალიან დაეცა. ეთნიკური უკრაინელების იმ კატეგორიამ, რომლებიც პრორუსულად იყვნენ განწყობილნი, მათაც კი შეიცვალეს დამოკიდებულება რუსეთთან“, – განუცხადა “კვირას“ კახა გოგოლაშვილმა.
ექპერტი არ ეთანხმება არგუმენტს , რომ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე უარის თქმით, უკრაინას რუსეთის მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სანქციები ააცილა.
გოგოლაშვილის განცხადებით, უკრაინაში სიტუაციის უკიდურესად დაძაბვამდე, იანუკოვიჩს ევროკავშირთან მოლაპარაკებები რომ დაეწყო, გარკვეული კომპრომისის მიღწევა რეალური იქნებოდა და ქვეყანა დღევანდელ ვითარებაში არ აღმოჩნდებოდა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი კომპრომისი შესაძლოა, უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ყოფილიყო.
“იანუკოვიჩი კომპრომისზე რომ წასულიყო და საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, ამით გარკვეულ გარანტიებს მიიღებდა. 2015 წლამდე უკრაინის პრეზიდენტად დარჩებოდა. შემდგომ კი. როდესაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურებოდა, ხელშეუხებლობის გარანტიები ექნებოდა, თუმცა რუსეთმა ალტერნატივა არ დაუტოვა და მოხდა ის, რაც მოხდა“,- აცხადებს ექსპერტი.
კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ უკრაინისთვის გამოსავალი ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში შემდგომში, ექსპერტი აცხადებს, რომ ამის პროგნოზირება რთულია. თუმცა გოგოლაშვილი არ გამორცხავს, რომ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისთვის რუსეთმა ყირიმში მცხოვრები, ეროვნებით რუსი ხალხი გამოიყენოს.
“თავის დროზე იანუკოვიჩიც იყო ჩართული უკრაინის ევეროკავშირში ინტეგრციის პროცედურებში, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევრაზიული კავშირის შექმნა გადაწყვიტა, იანუკოვიჩზე ზეწოლა თვალშისაცემად გააძლიერა“,- აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება ევროკავშირის მიერ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას, გოგოლაშვილის შეფასებით, უკრაინაში გაერთიანებამ დამკვირველები უნდა გაგზავნოს და რუსეთს გარკვეული ზეწოლა უნდა დაანახვოს, რომ იანუკოვიჩმა უკრაინის ოპოზიციის განადგურება ვერ შეძლოს.
ექპერტი უკრაინული სცენარის საქართველოში განმეორებას არ ვარაუდობს, თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, რუსეთის მხრიდან ზეწოლა და საფრთხეები მოსალოდნელია.
“ჩვენი ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს კურსი ევროკავშირთან მიმართებაში უცვლელია. თუმცა გააჩნია, საბოლოოდ როგორ დასრულდება უკრაინაში არსებული ვითარება. თუ მოხდა ისე, რომ რუსეთმა შეძლო და უკრაინას უარი ათქმევინა ევროინტეგრაციაზე, ამ ფაქტორმა შესაძლოა, წააქეზოს რუსეთი და საქართველოშიც შეეცადოს სიტაუციის არევას. ამ ეტაპზე ამის საშიშროება არ არსებობს“,- განუცხადა “კვირას“ კახა გოგოლაშვილმა.
მარიამ ზედგინიძე