სისხლიანი კიევი – შეტაკებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა

  უკრაინის პროცესები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. უკვე ორი დღეა კიევი ცეცხლის ალშია გახვეული. აქციაზე „ბერკუტისა“ და დემონსტრანტების შეტაკების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, უკვე 25 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ჟურნალისტი, გაზეთის კორესპონდენტი ვიაჩესლავ ვერემენი, ხოლო 11 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელია. კიევში გუშინ გარდაცვლილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქეა. დაღუპული 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურციაა. როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განაცხადა, “ოჯახი საქმის კურსშია. ჩვენ ვესაუბრეთ მის ნათესავს მობილური ტელეფონით”, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
“საქმეში ჩართულია საკონსულო სამსახური და ის ოჯახს დაეხმარება, რომ დაღუპულის სამშობლოში დროულად გადმოსვენება მოხდეს”, – განაცხადა მიხეილ უკლებამ. კიევის ქუჩებში გამოჩნდა მძიმე ტექნიკაც, ასევე ისვრიან ცეცხლსასროლი იარაღიდან. ქალაქის საავადმყოფოები პაციენტების მიღებას ვერ აუდის. პოლიტიკური პროცესი კი ჩიხშია. მოლაპარაკება უკრაინის ოპოზიციის ლიდერებსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ვიქტორ იანუკოვიჩს ვიტალი კლიჩკო შეხვდა.
ინფორმაცია პარტია “უდარის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თავად ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ იანუკოვიჩი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე არაადეკვატურად რეაგირებს. მისი თქმით, პრეზიდენტი ევრომაიდანს წინააღმდეგობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და განიარაღებას სთხოვს. კლიჩკომ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რომელ იარაღზე საუბრობს პრეზიდენტი. ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინის მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, რადიკალები მას ძალადობრივი გზისკენ უბიძგებდნენ, თუმცა თავად ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარების მომხრეა. იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერებს დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა დემონსტრანტებს შეიარაღებისკენ მოუწოდეს, რაც დანაშაულია. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ დამნაშავეები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. შტატები და ევროკავშირი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ. იანუკოვიჩთან დაკავშირებას ცდილობენ მერკელი და კომოროვსკი, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონს არ პასუხობს. დასავლეთი და ნატო სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. აქტიურია თეთრი სახლიც. ვაშინგტონმა უკრაინის პრეზიდენტს მაიდნიდან სპეცრაზმის მოხსნა პირდაპირ მოსთხოვა და და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. სრულ იზოლაციაში რჩება მოსკოვი. კრემლის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება მსოფლიო ლიდერების განცხადებებისგან. რუსეთის ხელისუფლება ვითარების ესკალაციას დასავლეთს აბრალებს და ოპოზიციას აკრიტიკებს. მაიდანი ამ დრომდე “ბერკუტის” ალყაშია.
25 დაღუპულთან ერთად, ოფიციალური ინფორმაციით, ასეულობით დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით კი, დაზარალებულთა რაოდენობა ბევრად მეტია. ოპოზიციის ლიდერები მაიდანზე გამოსვლებს განაგრძობენ, სადაც დაახლოებით 20 ათასი ადამიანია შეკრებილი. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ძალების მობილიზაციას განაგრძობს ქვეყნის ხელისუფლება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიევის მიმართულებით ოდესიდან 15 ავტობუსი გაემგზავრა. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველების მიერ იზოლაციაში მოქცეული ეროვნული წინააღმდეგობის შტაბი აქტივისტებისთვის საკვები პროდუქტებისა და საწვავის მიწოდებას ითხოვს.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები