ქართველი ინჟინერი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ელექტროსადგურების აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის

ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი ბესარიონ სარდიონის ძე ერისტოვი (ერისთავი) დაიბადა თბილისში, 1905 წლის 24 იანვარს. 1928 წელს დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი წყალთა მეურნეობის ინჟინრის სპეციალობით. 1929-30 წლებში მუშაობდა დნეპრომშენის ლენინგრადის საპროექტო ბიუროში ინჟინრად; 1930-34 წწ. მონაწილეობდა რიონჰესის მშენებლობაში, ჯერ უფროსი ინჟინრის, შემდეგ კი, საპროექტო განყოფილების უფროსის თანამდებობებზე; 1935 წელს კვლავ ლენინგრადშია.

1936 წელს ბესარიონ ერისტოვი საქართველოში ბრუნდება და ინიშნება ინსტიტუტ „ჰიდროენერგოპროექტის“ თბილისის განყოფილების ხრამჰეს I-ის ბიუროს უფროსად; 1938 წელს იგი ტრესტ „ხრამჰესმშენის“ მთავარი ინჟინერი და ტექნიკური განყოფილების უფროსია.

1941-43 წლებში ბესარიონ ერისტოვი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, როგორც პოლკოვნიკ-ინჟინერი. 1944 წლიდან ისევ ხრამჰეს I-ის მშენებლობაზეა.

1947 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.

 1948-49 წწ. იგი ტრესტ “საქჰიდროენერგომშენის“ მთავარი ინჟნრის მოადგილეა. უშუალო მონაწილეობას იღებდა სოხუმისა და სამგორის ჰესების მშნებლობებში.

1951 წელს, ხრამჰეს I-ის მშენებლობის წარმატებით დამთავრებასთან დაკავშირებით, მიენიჭა „სტალინური პრემიის ლაურეატის“ წოდება.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ბესარიონ ერისტოვს მთავარი ინჟინრის პოსტი ეკავა დნეპრჰესი I-ის, ნოვოსიბირსკის ჰესის, დნეპრჰესი 2-ისა და თურქმენეთის (ყარაყუმის) მთავარი არხის მშენებლობებში.

1956-1962 წწ. იგი იყო სსრკ ელექტროსადგურების მშენებლობის სამინისტროს „მთავარენერგოს“ უფროსის მოადგილე, ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, შემდეგ კი უფროსი.

1957 წელს ბესარიონ ერისტოვი აირჩიეს სსრკ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.

1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური და სპეციალური მშენებლობის ფაკულტეტის მიწისქვეშა მშენებლობისა და ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა კათედრის გამგე. 1963 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1968 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო, 1970 წელს –  რუსეთის დამსახურებული მშენებელი.

ღვაწლმოსილი მეცნიერი თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად უზიარებდა ქართველ ინჟინრებს. 1960-70-იან წლებში არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თანამშრომლობდა “თბილჰიდროპროექტთან”, “საქჰიდროენერგომშემთან” და ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკური დანადგარების საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან. მონაწილეობა აქვს მიღებული ენგურჰესის მშენებლობაშიც. ის გახლდათ ენგურჰესის სადაწნეო-დერივაციული გვირაბის მოკეთების კონსტრუქციის ერთ-ერთი ავტორი.

ბესარიონ ერისტოვს გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო-ტექნიკური სტატია. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა 6 სახელმძღვანელო ჰიდროტექნიკური მშენებლობის დარგში, დაცული იქნა 16 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. 1961-63 წწ. ის იყო საკავშირო ჟურნალ „ჰიდროტექნიკური მშენებლობის“ მთავარი რედაქტორი.

ბესარიონ ერისტოვი გარდაიცვალა მოსკოვში, 1975 წლის 11 ნოემბერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები