ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში

ჩემთვის დიდი პატივი იყო გენერალურ მდივანთან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის, ნატოს უელსის სამიტის შემდგომი გზის და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები წარმოადგენენ წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე.
“ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და პროგრესის მისაღწევად აქტიურად გამოვიყენებთ წევრობის ინსრტუმენტებს. ჩვენ მზად ვართ, დროულად და ეფექტურად განვახორციელოთ “ნატოს საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი”, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოსამზადებლად. როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, საქართველო მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გენერალურ მდივანთან გამოვხატე საქართველოს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ISAF-ის ოპერაციაში და ავღანეთის მხარდამჭერ მისიაში, მიუხედავად მძიმე და ძალიან მტკივნეული მსხვერპლისა, რომელიც ჩვენ გავიღეთ ISAF-ის დროს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ევრო- ატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვა ქართველი ხალხის არჩევანს წარმოადგენს. “ჩვენი მხრიდან, ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად„-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები