შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა, ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა
სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი შეიძლება საქართველოსთან გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არაევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
კითხვაზე, ევროპაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეს გარკვეული პროცედურების გავლა დასჭირდება, რაზეც პასუხისმგებლობას უკვე წინასწარ ხელისუფლებას აკისრებენ, რა ტიპის კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ამ შემთხვევაში ხელისუფლება, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებისთვის საფუძველი არ არსებობს.
„არანაირი საფუძველი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების არ არსებობს. ამიტომ, პუნქტები, რომელიც კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან – მიგრაცია, სხვა ინსტიტუციური საკითხები, შეადარონ საქართველო სხვა, ნებისმიერ ქვეყანას, თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს ამ მიმართულებით. მაგრამ, საბაბს რა გამოლევს?! სწორედ ამ საბაბების ძებნაა, მოდი, თუ ვიზა გინდა, თქვი, კაცი შეიძლება გახდეს ქალი. შემდეგ რა იქნება? – თუ ვიზა გინდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიუშვი ხელისუფლებაში. ასე ნებისმიერი, ყურით მოთრეული პირობა შეუძლიათ ჩადონ ამ წინა პირობაში. ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის იარაღად გამოყენება ხდება. ამიტომ, საფუძველი არ არსებობს. როგორც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით არ არსებობდა საფუძველი. სამწუხაროდ, ბრიუსელში გარკვეულ მიდგომას ვხედავთ, რომ ძალა აღმართს ხნავს, ასეთი მიდგომა აქვთ და რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დაბალი ღობეა და ეს ყველაფერი საქართველოსთან გაუვიდეთ, რაც სამწუხაროა. ეს არის სწორედ არა ევროპული მიდგომა და ევროპული ღირებულებებისგან დაცლა. ეს არის სწორედ საბჭოური მიდგომა, როდესაც დირექტივებით გესაუბრებიან, როგორც მაშინ, საბჭოთა მოსკოვიდან დირექტივებით გვესაუბრებოდენ, ახლაც ისეა, დირექტივებით საუბარი საქართველოსთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში მეორე საკითხი შეეხებოდა გამჭვირვალობის კანონს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ახლახან, „საფრანგეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოზეც ვრცელდება.
„საქართველოს პარლამენტს აქვს ფულის ეკონომია, ვინაიდან რადიკალური ოპოზიცია გავიდა და რომ ავდგეთ ჩვენ და დავაფინანსოთ საფრანგეთში რაიმე საკითხი. მათ შორის აი, აქციების ბრუტალური დარბევები იყო და იმ აქციის მონაწილე, რომელიმე ორგანიზაცია რომ დავაფინანსოთ. აი, ეს კანონი გაავრცელეს ჩვენზეც, საქართველოზე, რომ საფრანგეთში უნდა დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის რეესტრში. თუ არ დარეგისტრირდება, 4-წლიანი პატიმრობაა და დღეს საფრანგეთის ერთ-ერთი მინისტრი გამოდის და ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებს!
2023 წელს დიდ ბრიტანეთში მიიღეს იგივე კანონი, უფრო მკაცრი, ვიდრე გამჭვირვალობის კანონი. დღეს ბრიტანეთის ევროპის მინისტრი ჩვენ პრეტენზიებს გვიყენებს. აი, ეს არის სამწუხარო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღების აუცილებლობა არსებულმა პრაქტიკამ წარმოშვა. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის კამპანია დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.
„გინახავთ, ამაზე ევროკავშირის ელჩი გამოსულიყოს და განმარტება გაეკეთებინოს, ან ევროკომისიას?! გახსოვთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ლაზარე გრიგორიადისის ნასროლია და ამის რომანტიზება ხდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ მაშინ თუ ერთი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, შემდეგ ერთ წელიწადში 10 ისროლეს. აი, ამას აფინანსებდა ევროკავშირი ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ვინმემ ამაზე ბოდიში მოიხადა?! განმარტება გააკეთა?! როგორ გავიგეთ, რომ ამას ევროკავშირის აფინანსებდა? – შემთხვევით გავიგეთ, რადგან თავად „სირცხვილიას“ წამოსცდა, რომ მას თავად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა 2022 წელის ივნისში განვითარებულ ამბებზეც, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.
„მეორე დღეს „ენჯეოები“ ავარდნენ სცენაზე და მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა. ცალი ხელით ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვცა კანდიდატის სტატუსი 2022 წელის ივნისში და მეორე ხელით დაგვიფინანსა ხალხი, რომელიც სცენაზე ავიდა და ამბობდა, გადადგეს მთავრობა და ჩვენ ვიყოთ მთავრობაში ვეტოს უფლებით. ვინმემ ამაზე განმარტება გააკეთა, ბოდიში მოიხადა, რომ საქართველოში არეულობას აწყობდნენ?!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს დაუმსახურებლად არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და სცენაზე მათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეობი“ დაუყენს.
„როდესაც ამაზე განმარტებას ვთხოვდი ელჩებს, მეუბნებოდნენ – კი, მაგრამ ხომ ვერ დაგამხესო“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.