ვინ არის სოსო ცისკარიშვილის „ჩიტი“? – საუბრის მონაწილე, თუ მთავრობასაც უსმენენ?
ირაკლი ალასანიას გათავისუფლებიდან მალევე საზოგადოების გარკვეულ წრეებში გამოითქვა ვარაუდები, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო პრემიერის მიერ რადიკალური საკადრო გადაწყვეტილების მიზეზი, გარდა იმ მოტივისა, რაც თავად პრემიერმა დაასახელა.
მათ შორის იყო ექსპერტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომელმაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში მხოლოდ საკუთარ „ჩიტზე“ დაყრდნობით გადაჭრით განაცხადა, რომ ალასანიას გადაყენების მიზეზი ის ხელშეკრულება გახდა, რომელსაც ირაკლი ალასანიამ, წინააღმდეგობის მიუხედავად, პარიზში ხელი მაინც მოაწერა.
ცისკარიშვილი განმარტავდა, რომ საქმე ეხებოდა საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. მისი მტკიცებით, მის გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საქართველოდან სატელეფონო ზარი განხორციელდა. ექსპერტი ირწმუნებოდა, რომ ალასანიას კრიზისების მართვის საბჭოს იმჟამინდელი ხელძღვანელი მინდია ჯანელიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. პოლიტოლოგის ინფორმაციითვე, პარიზში განხორციელებულ ზარს წინ უძღოდა თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტი, სადაც, თითქოსდა, ფედერალურმა ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემა ძლიერდებოდა და ეს მის ინტერესებში არ შედიოდა.
ვინ არის სოსო ცისკარიშვილის „ჩიტი“, საიდან შეიძლებოდა რიგით ექსპერტს წვდომა ჰქონოდა თავდაცვის ყოფილი და ახლანდელი მინისტრის სატელეფონო საუბართან, მით უმეტეს, ინფორმაცია მიეღო ამ საუბრის შინაარსის შესახებ? როგორც წესი, ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებია, და თუ მსგავსი შინაარსის სატელეფონო დიალოგი შედგა, ამაზე წვდომა შესაძლოა, მხოლოდ ერთეულ ადამიანებს ჰქონოდათ. ნაკლებად სავარაუდოა, ცისკარიშვილს მინისტრის სატელეფონო საუბრის დამოუკიდებლად მოსმენის შესაძლებლობა ჰქონოდა!
მაინც, რის საფუძველზე გაახმოვანა სერიოზული ბრალდებები ექსპერტმა და რამდენად ახლოსაა რეალობასთან მისი “ ჩიტის“ ნაამბობი – ამ და სხვა კითხვებით “კვირამ“ თავად სოსო ცისკარიშვილს მიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტოლოგი ინფორმაციის წყაროს დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ჩიტი“, რომელიც მასთან „მიფრინდა“, ნეიტრალური ფიგურაა და პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა. სოსო ცისკარიშვილი საკუთარი ინფორმატორის სანდოობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ნდობის ფაქტორს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დუმილიც უმყარებს.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის მზადაა, იმ შემთხვევაში, თუკი თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრი მინდია ჯანელიძე ცრუ განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულებს, საკუთარი „ჩიტის“ ვინაობა დაასახელოს და ამით ბრალდებები გაამყაროს.
„იმ ინფორმაციას, რაც მე გავაჟღერე, ფლობს „ჩიტი“, რომელიც ჩემთან მოფრინდა და ეს ამბავი მომიტანა. ის პოლიტიკაში არ ერევა და ნეიტრალურია. ძალიან ბევრი ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ ჩემი ჩიტი მართალია. მაგალითად ის, რომ ირაკლი ალასანიას განცხადებები, რომელიც ევროატლანტიკურ კურსს უკავშირდებოდა, სხვა ტერმინოლოგიით ჩაანაცვლეს და ალასანიას ცილი დასწამეს. ექსმინისტრი არ საუბრობდა ამ ვექტორის ცვლილებაზე, ის საუბრობდა შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ამ მიმართულებით დაემუქრა, თუმცა მოხდა ისე, რომ ალასანიას პოსტი მაინც დატოვებინეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ექსპერტმა რამდენიმე დღის წინ ახლად დანიშნული მინისტრის მისამართით კიდევ ერთი ხმაურიანი ბრალდება გააჟღერა და ის „კა-გე-ბესთან“ კავშირში დაადანაშაულა. ცისკარიშვილი ირწმუნებოდა, რომ ჯანელიძე კრემლის საამებლად შერჩეული კანდიდატია, რომელიც „კა-გე-ბეს“ მსგავს სტრუქტურებში საქმიანობდა.
„კვირა“ დაინტერესდა, რატომ აიგივებს ცისკარიშვილი „კა-გე-ბეს“ ქართულ სპეცსამსახურთან, გარკვეულია თუ არა ამ ორი სამსახურის ფუნქციასა და მნიშვნელობაში და რა მაჩნია „კა-გე-ბეს“ მსგავს სტრუქტურად?
ექსპერტმა პასუხები ამ კითხვებსაც ირიბად გასცა:
„ჯანელიძემ საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანის ცნობიერებაში „კა-გე-ბეს“ საქმიანობა მხოლოდ რუსეთთან ასოცირდება, როცა ეს სისტემა საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში არსებობდა. ეს არის სპეცსამსახურების კრებითი სახელი. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობისას მის ხელში სახელმწიფოებრივი ინტერესის შემცველმა ბევრმა საკითხმა გაიარა“,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
ექსპერტების ნაწილი მათივე კოლეგის, სოსო ცისკარიშვილის ღია კრიტიკისგან თავს იკავებს, თუმცა რამდენიმე მათგანი “კვირასთან“ აცხადებს, რომ მხოლოდ „ჩიტებზე“ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით მსგავსი ხმაურიანი განცხადებების გაკეთება არასოლიდური და შეუფერებელი საქციელია.
ვერსია თუ ბრალდება – როგორ უნდა აღიქვამდეს საზოგადოება ექსპერტის სტატუსის მქონე პირისგან მსგავს სკანდალურ განცხადებას – ამ კითხვით „კვირამ“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს არჩილ გამზარდიას და პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს მიმართა.
არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ სოსო ცისკარიშვილის, როგორც ექსპერტის განცხადება არა რაიმეს მტკიცებად, არამედ მოსაზრებად უნდა აღიქვას. გამზარდია ფიქრობს, რომ ვერსიების და ვარაუდების გამოთქმისას, ცისკარიშვილის ადგილზე, მეტი დამაჯერებლობისთვის, თეორიების გარდა, თავად კონკრეტულ ფაქტებსაც მოიყვანდა. რაც შეეხება განცხადების შინაარსს, პოლიტოლოგი შორს დგას იმ მოსაზრებისგან, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხელშეკრულების გასაფორმებლად პარიზში პრემიერ-მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნებისგან დამოუკიდებლად წასულიყო და ამის თაობაზე მის ვიზიტამდე პრემიერი საქმის კურსში არ ჩაეყენებინა.
“პრემიერსა და ალასანიას შორის ამ დოკუმენტის თაობაზე გარკვეული დაპირისპირება რომ ყოფილიყო, დაძაბულ და ხმაურიან განცხადებებს ალბათ ალასანიას ევროპაში გამგზავრებამდე მოვისმენდით. ცოტა უცნაურად მიმაჩნია, რომ ალასანიას პარიზში დაგეგმილი ვიზიტის მიზანზე და დეტალებზე პრემიერს არაფერი სცოდნოდა. რაც შეეხება განცხადებას, რომ ექსმინისტრი სწორედ ამ დოკუმენტის ხელმოწერას შეეწირა, ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ამ ეტაპზე საზოგადოებამ ვერსიად უნდა აღიქვას და არა რეალურ ფაქტად. იმიტომ, რომ ის გაჟღერდა არა რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან, არამედ პოლიტოლოგისგან. ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია ვერსიებთან ერთად კონკრეტული მტკიცებულებების მოყვანა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ექსპერტისთვის ვალდებულებას არ წარმოადგენს“, – განუცხადა “კვირას“ გამზარდიამ.
მისივე თქმით, ასევე ვალდებულებას არ წარმოადგენს საჯარო პირების მიერ ექსპერტების თეორიებზე საპასუხო განცხადებებისა და განმარტებების კეთება.
რაც შეეხება ამირან გიგუაშვილის მოსაზრებას, ის აცხადებს, რომ „ჩიტებისა“ და „მუცლითმეზღაპრეობის“ არსებობის დიდი ხანია აღარ სჯერა, თუმცა მიიჩნევს, რომ ცისკარიშვილის ვერსიის სრულად უგულებელყოფა არ შეიძლება. გიგუაშვილი ფიქრობს, რომ ვერსია გადასამოწმებელია. მისი თქმით, პროკურატურის კომპეტენციაა იმ ყველა არასწორი ვარაუდის გაბათილება, რომელიც ალასანიას გადაყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გამოითქვა.
„ჩიტების“ და „მუცლითმეზღაპრეობის“ დიდი ხანია არ მჯერა, თუმცა ახლა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით დაიწყო. ეფექტური და გამჭვირვალე გამოძიება გააქარწყლებს პოლიტოლოგების, ექსპერტების, ხელისუფლების ოპონენტების სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმულ არასწორ ეჭვებს “, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ირაკლი ალასანია ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 28 ოქტომბერს, სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა და გერმანიაში გაემგზავრა.
კითხვა, დაფრინავდა თუ არა სოსო ცისკარიშვილის „ჩიტი“ ამ ვიზიტების დროს ქართულ დელეგაციასთან ერთად, დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები ინფორმაციის წყაროს მოკვლევით არ ინტერესდებიან, ექსპერტი თავს ვალდებულად არ თვლის, საზოგადოებას აუხსნას საკუთარი ხმაურიანი განცხადებების რეალური საფუძველი.
საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა, ამ თემის მოკვლევით საგამოძიებო უწყება? თუმცა, მსგავს შემთხვევაში ალბათ ცისკარიშვილი ასეთ პრეცედენტს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად შეაფასებდა, რისი შემთხვევებიც ქართულ რეალობაში არაერთხელ გვქონია.
მარიამ ზედგინიძე