“ბი-ბი-სი”: შეუშლის თუ არა ხელს ალასანიას გადადგომა საქართველოს ინტეგრაციას?

პოლიტიკური ტემპერატურა საქართველოში ამ დღეებში მაქსიმუმამდე აიწია. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომამ ცვლილებები არა მარტო მთავრობაში, არამედ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გამოიწვია. ბუნებრივია, პოლიტიკური ვითარება, შემდგომი საკადრო გადანაწილებები და მოსაზრებები პოლიტიკურ სპექტრში ყურადღების ცენტრში არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაა მოქცეული. ირაკლი ალასანიას გადადგომით და საქართველოს ბედის ანალიზით „ბი-ბი-სი“ დაინტერესდა. ანალიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე ირაკლი ალასანიას გადადგომა დასავლური პარტნიორების მხრიდან სიფხიზლეს გამოიწვევს და პროდასავლური კურსის მიმართ საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელობის ერთგულებაში ეჭვი გაჩნდება.
საქართველოში ვითარების შეფასება „ბი-ბი-სიმ“ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს სთხოვა. მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა შესაძლოა, თავად „ქართული ოცნების“ პროევროპული ინტეგრაციის „ლაკმუსის ქაღალდად“ იქცეს.10807033_862954210411485_1341551924_n
ამასთან, ანჯაფარიძის მოსაზრებით, კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოყოფის შემდეგ მოვლენები „დომინოს პრინციპით“ განვითარდება და ამას კოალიციის სხვა წევრების გარკვეული ნაბიჯები მოჰყვება. ამან, შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, – ამბობს ანალიტიკოსი.
„ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა იყო გადაყენებული, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გადადგნენ, – ეს ყველაფერი ქვეყანაში ნევროზულ და არასტაბილურ ვითარებას ქმნის. პრინციპში, დღესდღეობით პოლიტიკური კრიზისის მაცნე არსებობს, მაგრამ ის სრულმასშტაბიან დონემდე ჯერ არ მისულა“, – „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში ამბობს ანჯაფარიძე.
საკუთარ მოსაზრებებს „ბი-ბი-სის“ ასევე პოლიტოლოგი გია ნოდია უზიარებს. „მათ რეალურად ძალაუფლების კონსოლიდირება მოესურვათ, ანუ მოუნდათ ისეთი მინისტრების ყოლა, რომლებიც ზუსტად ისე მოიქცევიან, როგორც ხელმძღვანელობა უბრძანებს“, – ამბობს ნოდია. პოლიტოლოგის აზრით, იმ დროს, როდესაც „თავისუფალი დემოკრატების“ წასვლა მმართველი კოალიციისთვის მტკივნეულია, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ რჩება საპარლამენტო უმრავლესობა.
„სუფთა ნომინალურად მათ შესაძლოა, 3 დეპუტატი არ ეყოთ, თუმცა არსებობს ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია, რომლებიც ფაქტობრივად ყოველთვის უმრავლესობას უჭერდნენ მხარს და, ალბათ, მოქმედებას ასევე განაგრძობენ“, – აღნიშნა ნოდიამ.
„ბი-ბი-სის“ მასალის ავტორი აღნიშნავს: დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ ათივე წევრი, ჯერ უცნობია.
პოლიტოლოგების მტკიცებით, ირაკლი ალასანიას მიმართ კოალიციის ზოგიერთი წევრის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება დიდიხნის წინაა შემჩნეული. ალასანიას პოპულარობა კი საქართველოს მთავრობა გააღიზიანა.
„ღარიბაშვილისთვის მის კაბინეტში ასეთი პოპულარული, ამბიციური და დამოუკიდებლობისკენ მიდრეკილი მინისტრის არსებობა, ალბათ, დისკომფორტს ქმნიდა“, – ამბობს გია ნოდია.
პოლიტოლოგის განმარტებით, სწორედ ეს იყო ალასანიას გადაყენების მთავარი მიზეზი.
პოლიტოლოგის მტკიცებით, დღეს საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტი არსებობს, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს. თუმცა არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და მათთვის ალასანია – ბუნებრივი ლიდერია.
ნოდია თვლის, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს გარკვეული პოპულარობა აქვს, თუმცა მისი ლიდერის თვისებები „არც თუ ისე დამაჯერებელია“.10807085_862954207078152_382881868_n
„შეიძლება 2009 წელი გავიხსენოთ, როდესაც მას ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია ჰქონდა, ის სააკაშვილის მოწინააღმდეგე იყო, რომელიც დასავლეთში მხარდაჭერას იმსახურებდა. თუმცა მან ეს პოლიტიკური კაპიტალი გახარჯა. ახლა დრო გავიდა და მან კვლავ დააგროვა ის კაპიტალი, როგორც „ქართული ოცნების“ ყველაზე რეფორმატორულმა პროდასავლურმა მინისტრმა“, – აღნიშნა ნოდიამ. ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, იმ დროს, როდესაც ალასანია საზოგადოების ლიბერალურ ნაწილშია პოპულარული, მისი სისუსტეები, რომლებიც გამოვლინდა მისი თანამშრომლების მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებითაც, შეუმჩნეველი რჩება.
„რა თქმა უნდა, ის პოპულარულია. მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოება კარგად ხედავს მის სისუსტეებს, რომლებიც იმ კრიტიკულ მომენტში გამოვლინდა, როდესაც მან, გარკვეულწილად, კონტროლი დაკარგა და გააკეთა განცხადებები, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა გაეკეთებინა. მას შეეძლო, დალოდებოდა გამოძიების დასრულებას, და თუ მისი თანამშრომლები უდანაშაულოები იქნებოდნენ, საკუთარ ოპონენტებისთვის გაცილებით უფრო ძლიერი არგუმენტებით გაეწია წინააღმდეგობა“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები