გურიაში მოულოდნელმა თოვლმა პრობლემები შექმნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ზოტსა და ჩხაკაურაში დღეს თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, მოულოდნელმა თოვლმა მოსახლეობას კომუნიკაციის პრობლემები შეუქმნა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე საათი ჩაკეტილი იყო მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზა. ადგილზე ვითარების გასაცნობად გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩავიდა. გუბერნატორი გზის გაწმენდით სამუშაოებს დაესწრო.
,,გურიის მაღალმთიანი სოფლები დიდთოვლობას ჩვეულნი არიან, თუმცა დღევანდელი თოვლი მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ადგილზე ჩამოვედი და პირადად მინდა დავესწრო გზის გაწმენდით სამუშაოებს. მოსახლეობა ტრანსპორტით გადაადგილებას და რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას რამდენიმე საათში შეძლებს”, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ.
გურიის გუბერნატორი სოფელ ზოტში ასვლამდე გუშინ სტიქიის შედეგად დამეწყრილ სოფელ ერკეთშიც იმყოფებოდა. გიორგი ჩხაიძე ადგილზე საგანგებოდ ჩასულ გეოლოგებს გაესაუბრა. როგორც სპეციალისტებმა განაცხადეს, ამ ეტაპისთვის ჩოხატაურში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან გამოყვანის აუცილებლობა და საჭიროება არ დგას. გეოლოგების საბოლოო დასკვნა კი უახლოეს დღეებში დაიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები