დატოვებენ თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი
დატოვებენ თუ არა “თავისუფალი დემოკრატები” კოალიციას, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მომავალზე მსჯელობა დღეს შედგება.
“ყველას კარგად ახსოვს ისტორია, როგორ განვითარდა არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩემი და ივანიშვილის ურთიერთობა. მაშინ ყველაზე მაღლა იდგა, რომ ერთობა შენარჩუნებულიყო და ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც მოდიოდა იმჟამინდელი პრემიერის მხრიდან, მე ამეხსნა, როგორც აუცილებლობა, რომ მომეთმინა. ეს ერთობა, ეს იდეალები, მიზნები, რაც კოალიციამ ერთობლივად დავისახეთ, მიგვეღწია და ნაწილობრივ მიღწეულია. ხვალ, როდესაც შედგება პოლიტსაბჭო, გვექნება განხილვა, როგორ აგრძელებს კოალიცია მოქმედებას, რა ხდება კოალიციაში ამ ნაბიჯების შემდეგ”, – განაცხადა ალასანიამ.