ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ სახელმწიფოებრივი კრიზისია

„ქვეყანაში არა მხოლოდ სახელისუფლებო, არამედ სახელმწიფოებრივი კრიზისია“, – ასე ეხმაურება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებას.
“დღევანდელი ვითარებით და რეალობით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც მე ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყანაში არის არა მხოლოდ სახელისუფლებო კრიზისი, არამედ სახელმწიფოებრივი კრიზისი. როდესაც ქვეყანაში გამოდის თავდაცვის მინისტრი და ამბობს, რომ მისივე თანაგუნდელი მთავრობის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას, ეს უკვე არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ნათლად მიუთითებს უმძიმეს კრიზისზე. დღეს რეალურად საგანგაშო ვითარებაა ქვეყანაში და ქვეყანას სჭირდება ახალი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის და ქმედებების დარეგულირებას და, შესაბამისად, ქვეყნის მოვლასაც – დღეს ქვეყანა არის საფრთხის წინაშე. წესით, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს, რაც ჩვენ დღეს დავინახეთ და მოვისმინეთ, ან თუ მოხდება, უნდა მოჰყვეს საგანგებო რეაგირება და წესით ახლა უკვე უშიშროების თუ უსაფრთხოების საბჭო, რაც დაარქვეს, შეკრებილი უნდა იყოს და საგანგებო ზომებს იხილავდეს. არ გვაქვს ქვეყანა და სახელმწიფო. სამწუხაროდ, ეს მივიღეთ “ქართული ოცნების” ორწლიანი მმართველობის და იმის შედეგად, რომ კოალიცია საკუთარ თავსაც კი ვერ უვლიდა, თუ არ ჩავთვლით პირადი პრობლემების მოგვარებას, ვერ აწესრიგებდა მთავრობის მუშაობას და ვერ ახორციელებდა ქვეყნის მართვას. ”
ნინო ბურჯანაძის თქმით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური დევნა ქვეყნის დასავლურ ორიენტაციასთან და ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან პირდაპირაა დაკავშირებული, საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობისგან” უკვე მოსმენილი აქვს და “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი არ ისურვებდა, იგივე კოალიცია “ქართული ოცნებისგანაც” მოისმინოს. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, ორივე მხრიდან სერიოზული არგუმენტები უნდა დაიდოს. „ყველა შემთხვევაში უნდა დაიდოს ძალიან სერიოზული არგუმენტები, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, მაგრამ მთავარი არის ერთი რამ: თავად ვითარებამ და დღევანდელმა განცხადებებმაც დაგვანახა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არაა და სახელმწიფო სტრუქტურები არანორმალურად ფუნქციონირებს. ყველა შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ფინალი, პოლიტიკურია ეს დევნა თუ არაპოლიტიკური, ეს და თავად არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები