რატომ არ გადადგა ალასანია – ექსმინისტრის განმარტება
მე არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, როცა რაიმეს ვიღებ ჩემს თავზე, ბოლომდე ვაკეთებ, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა “არჩევანში“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ არ მიიღო მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება. როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას თანაგუნდელებთან და თანამოაზრეებთან ერთად ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები აქვს. “მე არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, როცა რაიმეს ვიღებ ჩემს თავზე, ბოლომდე ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, რომ რაც შევძელი ჩვენი თავდაცვის უწყებისთვის, ეს მომავალშიც გამოჩნდება, მაგრამ თანამდებობრივი სკამი ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, რაღაცა გააკეთო შენი ქვეყნისთვის. დღეს ვარ თავისუფალი მოქალაქე, საჯარო სამსახურში აღარ ვარ. ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები მაქვს ჩემს პარტიასთან და იმ თანაგუნდელებთან ერთად, ვინც ძალიან დიდი გამარჯვებები და მარცხი გავიარეთ წლების განმავლობაში… მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიდი გამოცდილებითა და საზოგადოების მხარდაჭერით შეიარაღებული ჩვენ საქართველოს, მართლაც, გავიყვანთ სამშვიდობოზე“, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.