დავით ბაქრაძე ირაკლი ალასანიას კონკრეტული პირების დასახელებას სთხოვს
საპარლამენტო უმცირესობაში ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით რომ გარკვეული ძალები საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში წინააღმდეგობას უწევენ, ეხმაურებიან. როგორც საგანგებო ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა გაცხადდეს, თუ ვინ ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში.
“ის, რაც მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან არის უაღრესად საგანგაშო. ჩვენი პოლიტიკური ძალა როგორც ამ საზოგადოების ნაწილი, მოვითხოვთ პასუხს თავდაცვის მინისტრისგან და მთლიანად ხელისუფლებისგან ვინ ებრძვის საქართველოს ევროპასა და ნატოში გაწევრიანებას. ვინ არიან ის ძალები და ადამიანები ვისაც შეტევა მიაქვს თავდაცვის სამინისტროზე იმის გამო ქვეყანა არ იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. “მინდა დღეს მივმართო საზოგადოებას, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით პროკურატურის ნაბიჯებზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა. რამდენიმე ჩვენს თანამშრომლეს წაუყენეს ბრალი. აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი წასული იყო კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე და ხელი ეწერებოდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, როდესაც კაპანაძე იმყოფება ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრაზე ვაშინგტონში, გრძელდება დაკავებები და დააკავეს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი. ჩვენ არ გვითქვამს, რომ გამოძიებას ვინმე წინ უნდა დაუდგეს, გვქონდა ეჭვი, თუ რა საფუძველი იყო იმის, რომ ეს ადამიანები იყვნენ ციხეში, ესენი არსად არ გარბოდნენ და მაღალი თანამდებობის პირები ჩაუდგნენ თავდებში”, – განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ნატო-ევროკავშირთან.