“ობიექტური გამოძიებისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა”
იურისტი ლევან ალაფიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს გამოეხმაურა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ობიექტური გამოძიებისთვის საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა.
„ერთდროულად წარმოჩინებული „სილქნეტის“ საქმე, სამხედროთა მოწამვლის საქმე, შენობის რემონტის საქმე… თავდაცვის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის საჯარო, პოლიტიკური შინაარსის ინსტიტუციური ოპონირება, რამაც ისინი მხარეებად აქცია… ნდობის ჯგუფის კანონის ნორმა, რომლითაც 2 მლნ-ზე მეტი შესყიდვის შესახებ წინასწარ ეცნობება ნდობის ჯგუფს, ანუ შესყიდვების პასიური თანამონაწილე და მხარეა… ამ პირობებში ეფექტური და ობიექტური გამოძიების ერთადერთი კონსტიტუციური მექანიზმიღა რჩება – საგამოძიებო კომისიის შექმნა! პოლიტიკური კრიზისის ნიშნები სახეზეა, შესაბამისად, საპარლამენტო კოალიციისა და, შესაბამისად, კოალიციური მთავრობის დაშლის ალბათობაც მატულობს. ამ ფონზე კიდევ რომ არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება, ერთადერთი სწორი და გონივრული გამოსავალი სწორედ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა რჩება, რომელიც გამჭვირვალობის ადეკვატური ხარისხითა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვით უზრუნველყოფს გამოძიებას და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემას“, – წერს ალაფიშვილი სოციალურ ქსელში.