აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შეზღუდვის შესახებ რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის კონგრესის თანხმობის მიღებას ავალდებულებს.
რეზოლუციას მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა, 48 კი წინააღმდეგი იყო. ინიციატივას რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორიც შეუერთდა.
დოკუმენტი ეფუძნება ომის უფლებამოსილების შესახებ კანონს (War Powers Resolution) და აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელება ან დაწყება კონგრესის ავტორიზაციას საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე აშშ-ზე უშუალო თავდასხმას ან გარდაუვალ საფრთხეს ეხება.
ამერიკული მედიის ცნობით, რეზოლუციას ძირითადად პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის ირანთან შესაძლო სამხედრო ესკალაციის საკითხზე სენატის პოზიციას ასახავს.
ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კანონი არაკონსტიტუციურია, ხოლო დებულება, რომელიც კონგრესს უფლებას აძლევს, მიიღოს ომის უფლებამოსილების რეზოლუცია პრეზიდენტის ვეტოს უფლების გარეშე, სამართლებრივად კიდევ უფრო მოწყვლადია.