„კანონის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების შესახებ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა“

ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. ქარდავას განცხადებით, ქვეყანას საფრთხე შეუქმნა საქართველს ხელისუფლების ქმედებებში გამოხატულმა ტენდენციამ, რომელიც კანონის იარაღად გამოყენების ფაქტებზე მეტყველებს.
„ ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინა. ორი წელია გვესმის დაპირება სამართლიანობის აღდგენის თაობაზე, მაგრამ დღეს უკვე კანონის იარაღად გამოყენების აქტებს ვხედავთ. საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და პირიქით. ის, რომ ვერ დავარწმუნეთ მსოფლიო თანამეგობრობა და პარტნიორები, რომ ის, რაც ქვეყaნაში ხდება, კავშირშია კანონის დაცვასთან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად პრობლემები არსებობს. პოლიტიკურ იარაღად კანონის გამოყენების შესახებ კითხვის ნიშნები ჩნდება და ამას ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა, ასოცირების ხელშეკრულება ძალიან კონკრეტული დოკუმენტია, რომელიც კონკრეტულ კანონმდებლობას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს ევროპის ნაწილი, ეჭვი არ უნდა ჩნდებოდეს იმაზე, რომ რომელიმე ძალისმიერი უწყება პოლიტიკაში იქნება გამოყენებული“,- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიამ განცხადებამ გაავრცელა. განცხადების თანახმად, ევროპის სახალხო პარტია საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატების ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას არ აპირებს. ევროპის სახალხო პარტიის წევრების ამ გადაწყვეტილების გამო კი შესაძლოა, ევროპარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ვერ შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები