„წულუკიანმა ალასანიას მიმართ პირადი პატივისცემა კანონის უზენაესობაზე მაღლა დააყენა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა. მისი განცხადებით, კანონის უზენაესობით პრინციპებით აღსრულებული ქმედება არ შეიძლება პერსონალიების დონეზე იქნას დაყვანილი.
უფლებადამცველის თქმით, წულუკიანის განცხადებამ საგამოძიებო მოქმედებებს შესაძლოა ჩრდილი მიაყენოს.
„ ძალიან გაკვირვებული დავრჩი დემოკრატი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით რომელიც მან დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან მიმართებაში გააკეთა. მან პერსონალიების დონეზე დაიყვანა ეს შემთხვევა, როდესაც თქვა რომ მინისტრის მიმართ პატივისცემა უნდა ყოფილიყო. ჩვენ თეა წულუკიანს ვიცნობთ როგორც სასამართლოს რეფორმის გამტარებელს, მის სახელს უკავშირდება ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ განცხადებამ არ შეიძლება ჩრდილი მიაყენოს საგამოძიებო მოქმედებებს. თუკი მოქმედებები კანონის უზენაესობის პრინციპით არის ნაკარნახევი, კანონის უზენაესობის პრინციპები არ სცნობს პიროვნების პატივისცემას, ის სცნობს კანონის მოთხოვნების შესრულებას და ამ კონტექსტში ძალიან უცნაურია მინისტრის განცხადება, როდესაც ირაკლი ალასანიას მიმართ პირადი პატივისცემის საკითხი კანონის უზენაესობაზე მაღლა დააყენა”- განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი გუშინ თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რასაც მინისტრის პატივისცემა ჰქვია.
“ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს. იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვნებს და იგივეს მოითხოვს მათგან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები