მეწყერის საშიშროების გამო შესაძლოა გურიაში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს
უამინდობამ გურიაში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად წყალმა დაფარა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ასევე მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა გურიის სამაშველო სამსახურის ბრიგადა.
ოზურგეთის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, წვიმის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, თუმცა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.
“ოზურგეთსა და ჩოხატაურში გეოლოგებმა მუშაობა დაიწყეს. ისინი მეწყერსაშიშ ადგილებს სწავლობენ და დღესვე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ამ ზონაში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით. გეოლოგების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, ხელისუფლება დაიწყებს თუ არა მეწყერსაშიშ ზონებში მყოფ ოჯახების საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუაციას. ევაკუაციის საფრთხის წინაშე, გახშირებული კოკისპირული წვიმების გამო, 10-მდე ოჯახი დგას. აქედან უმრავლესობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში”, – აცხადებს გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე.