კვლევების მიხედვით, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ოქტომბერში 3 პუნქტით გაუმჯობესდა

“აიფიემ კვლევები“ მთავრობის ოქტომბრის თვის წარმატების ინდექსის მონაცემებს აქვეყნებს. ოქტომბრის თვეში, ისევე როგორც სხვა თვეებში, გამოკითხვა 600 ზრდასრულ თბილისელზე ჩატარდა.
მათი ცნობით, სექტემბერ-ოქტომბრის თვეების სტატისტიკა ერთიანად არის მოცემული გრაფიკზე, რაც გვაძლევს, დროში მთავრობის საქმიანობით კმაყოფილების ხარისხის შედარებას.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ოქტომბერში 3 პუნქტით გაიზარდა, თუმცა ის შედარებითი ანალიზის დასაშვები შეცდომის ფარგლებშია. ერთადერთი არსებითი ზრდა, მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ინდექსში, პოლიციას დაუფიქსირდა, 7 პუნქტით. სხვა ყველა სექტორი, როგორც მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის კუთხით, ასევე წარმატების მოლოდინის კუთხით, პრინციპულად უცვლელია და რჩება საკმარისზე დაბალ ნიშნულზე.
როგორც გრაფიკზე ჩანს, ყველა მონაცემი გარდა პოლიციისა, კვლევის შეცდომის ფარგლებში იცვლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბრის ნეგატიური ტალღა პოლიციისადმი ნეიტრალიზაციის პროცესშია. სხვა მხრივ, მთავრობის საქმიანობის მიმდინარე შეფასებითი პარამეტრები არ იცვლება. განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე პოლიციისა და ჯანდაცვის სექტორები ლიდერობენ, თუმცა მათი შედეგებიც კი არ არის არსებითად პოზიტიური. კვლავ რჩება სერიოზულ პრობლემად დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის სექტორები. მთავრობის ეფექტურობა ნულ ნიშნულს ქვემოთაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოგვარების თვალსაზრისით, ასევე სოციალურად დაუცველებზე ზრუნვისა და, ზოგადად, ხალხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.
ტრადიციულად, მთავრობის მუშაობის წარმატების მოლოდინის ინდექსი შედარებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის პარამეტრები, თუმცა თვალში საცემია, რომ დასაქმების ინდექსი ნულოვანია, სხვა სიტყვებით უიმედო. ჯანდაცვის სისტემა ისევ ლიდერობს 22 %-ით. მოლოდინის სივრცეშიც კი მთავრობის წარმატების ინდექსი მაღალი არ არის, თბილისელებს არ აქვთ დასაქმების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი.
“წინა ორი ინდექსური სისტემის ბაზაზე, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი საშუალოდ 3 პუნქტით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებითი ანალიზის დასაშვები შეცდომის ფარგლებშია“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები