პატიმრის შვილს, რომელმაც ბენზინი გადაისხა ოპერაციისთვის ამზადებენ
ბექა პერტაია, რომელმაც თვითმკვლელობის მიზნით თავის დაწვა სცადა, ზუგდიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს. „კვირა“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, 19 წლის ახალგაზრდა დღეს დილით რეანომობილით გადმოიყვანეს და მას მუცელი და მარჯვენა კიდური აქვს დამწვარი.
ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მას ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება. მისი თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ბექა პერტაიამ საოლქო პროკურატურის წინ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. 19 წლის ახალგაზრდა პატიმარ რუსლან პერტაიას შვილია.
შვილი მამის საპატიმროში ყოფნას აპროტესტებს. პროტესტის ნიშნად, ბექა პერტაიამ ბენზინი გადაისხა და ასანთს გაჰკრა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხეულზე ალი მოედო, ცეცხლის ჩაქრობას პოლიციელები შიშველი ხელებით ცდილობდნენ. ბექა პერტაია თვითმკვლელობით ადრე ქუთაისის ციხესთან იმუქრებოდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პერტაიას ოჯახის წევრებმა ქუთაისის საპყრობილის წინ, ხეზე ხელები მიიჭედეს. მათ ეკა ბესელიაც შეხვდა, თუმცა, სიტუაცია არ შეცვლილა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რუსლან პერტაია უკანონოდაა დაკავებული. მას გამოძიება ერთი ტომარა თხილის ქურდობას ედავება. პატიმარმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით მუცელში ჭრილობები მიიყენა და ხელი იატაკზე დაიჭედა.