კახა კალაძე: მე არ მგონია „სახალხო პარტიაზე“ იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში
მე არ მგონია „სახალხო პარტიაზე“ იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ევროპარლამენტის დეპუტატთა ნაწილის განცხადებას, რომლებიც საქართველოს მთავრობისგან ოპონენტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც.
„მე არ მგონია „სახალხო პარტიაზე“ იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში. იცით ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც აქვთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს უახლოეს მომავალში გახდეს იმ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რაც შეეხებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ ადამიანების ჩადენილ დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობეს იკავებდნენ, მაშინ, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთონ ჩვენმა მაღალი თანამდებობის პირებმაც. კანონის წინაშე ყველა ერთია“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის „სახალხო პარტიის“ წევრების განცხადებით, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, ისინი საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ.