„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნულ საქმეზე გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც არჩილ კაიკაციშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა, რომელსაც პასუხი პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გასცეს.
უფლებადამცველის განცხადებით, გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის შემთხვევაში, გაიზრდება საზოგადოების ნდობა როგორც პროკურატურის მოქმედებების, ისე სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებების მიმართ.
„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოიხსნას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ღია და საჯარო გახდეს ამ საქმის ყველა დეტალი. აუცილებელია კითხვებს, რომელიც არსებობს როგორც სამთავრობო წრეში, ისე საზოგადოებაში და მედიაში, როგორც პროკურატურამ, ისე სასამართლომ პასუხი გასცეს. პროცესის მიმართ გამჭვირვალობა მაღალი ხარისხის უნდა იყოს. გრიფ „საიდუმლოს“ მოხსნის შემთხვევაში გაიზრდება საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ, როგორც პროკურატურის მოქმედებების, ისე სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებების მიმართ. ამ საქმის ირგვლივ ფაქტობრივად ყველაფერი ითქვა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რაზე ვმსჯელობთ, რას ვაფასებთ, რა არის საქმეში და რა მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს ისინი“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები