„ექსპო ჯორჯიაში“ ყველის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და „საქართველოს ყველის მწარმოებლთა გაერთიანება-გილდია“ 8 ნოემბერს, თბილისში, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ ყველის ფესტივალს გამართავს.
2014 წლის ყველის ფესტივალის კონცეფცია გულისხმობს დამთვალიერებლებისთვის საქართველოს რეგიონების (ადგილწარმოშობის) მიხედვით რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვას და წარმოების პროცესის ტრადიციული სპეციფიკის გაცნობას.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი ადევნონ, ისწავლონ და მონაწილეობა მიიღონ ყველის, მათ შორის ტენილი ყველის დამზადების უნიკალურ პროცესში. დააგემოვნონ და შეიძინონ სხვადასხვა სახეობის ყველი, თვალი ადევნონ ოსტატების მიერ ელარჯისა და თაშმაჯაბის დამზადების პროცესს.
ფესტივალის ფარგლებში, VI პავილიონის შიდა სივრცეში საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა გაიხსნება. მოეწყობა დაპატენტებული 14 სახეობის ყველისა და ახლო მომავალში დასაპატენტებელი ყველისა და ღვინის ნიმუშების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც, რომელიც წლის ყველის მწარმოებელს და ხალხის რჩეულ ყველს გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები