დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს: გენაცვალე, მართლა ასეთი რეგვენი ხარ?
„ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? მართლა ასეთი რეგვენი ხარ?“ – ამ სიტყვებით მიმართავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია მომღერალ ნინი ბადურაშვილის ბებიას ლალი ბადურაშვილს. დოდონა კიზიარია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ლალი ბადურაშვილს ბავშვობიდან იცნობს, „დიდოსტატის მარჯვენის“ ერთ-ერთი პერსონაჟი – შორენა, იგივე ლალი ბადურაშვილი სკოლაში სიბეჯითით არ გამოირჩეოდა. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ლალი ბადურაშვილს ურჩევს, რომ პოლიტიკისგან თავი შორს დაიკავოს და პოლიტიკური განცხადებისგან თავი შეიკავოს.
„მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა ფეისბუქზე რომ არის, იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ დაარქვეს და „დიდოდსტატის მარჯვენა“-ში რომ შორენას თამაშობდა. გეხსომებათ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. ფეისბუქზე არ ჩანს და მისამართი არ ვიცი. ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? – დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. „მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც…“ კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ. აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გაქვს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს – ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება – ფაფუ! ხარ ბანკროტი. ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოცხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე – ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ, სამწუხაროდ, ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ – სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ, გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა? ამ ფეისბუქზე უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ – არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა – ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს „ნაციონალები“ (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი „სიბრძნე“ თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია. რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს, ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ „ნაციონალები“) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება – ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე. აბა, ჰე! კარგად იყავი“, – წერს ამერიკაში მოღვაწე პროფესორი ლალი კიზირია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.