ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს რუსეთთან შეერთება სურს
უკრაინაში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნების დასრულებისთანავე, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „ახლადარჩეულმა მეთაურმა“ იგორ პლოტნიცკიმ ტელეარხ „LifeNews“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურს. პლოტნიცკის აზრით:
„ლსრ-ის მაცხოვრებლებმა არჩევნებზე დიდ და ყოვლისშემძლე რუსეთთან შეერთებას და რუსულ ენაზე საუბრის უფლებას დაუჭირეს მხარი“. პლოტნიცკიმ ასევე დააზუსტა, რომ „ლსრ“-ის კურსი მხოლოდ რუსეთთან ინტეგრაციისკენაა მიმართული.
შეგახსენებთ, ე.წ. ნოვოროსიაში არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართა. ჩატარებული „არჩევნების“ შედეგად ე.წ. დსრ-ს სათავეში ალექსანდრე ზახარჩენკო და მისი პოლიტიკური დაჯგუფება „დონეცკის რესპუბლიკა“, ხოლო ე.წ. ლსრ-ის სათავეში იგორ პლოტნიცკი და „მირ ლუგანშინე“ მოექცა. დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად პოლონეთმა უარი განაცხადა, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებში ჩატარებული „არჩევნების“ ლეგიტიმურობა ეცნო. ოფიციალური ვარშავის განცხადებით, ეს არჩევნები „ მინსკის მოლაპარაკებას ეწინააღმდეგება“.
უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს განცხადებით, ის არც არჩევნებს და არც მის შედეგებს არ ცნობს. მის გადაწყვეტილებას მხარს დასავლეთიც უჭერს. მთავარმა ევროპელმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა.