საქართველოს პრეზიდენტმა ვენაში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციაზე გაამახვილა ყურადღება

 

   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვენაში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციასა და ანექსიაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის მნიშვნელობაზე და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს რუსული ოკუპაცია უქმნით.
“საქართველო არ არის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა, თუმცა ჩვენ აქ წარმოდგენილი ვართ, როგორც უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანა, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებისთვის. 8 ქვეყანა რეგიონში სარგებლობს სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით და საქართველოს გავლით ჰპოვებენ გასასვლელს ზღვაზე. ამ 8-დან შვიდთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენი ქვეყანა გახსნილია ტრანზიტისთვის, როგორც ენერგორესურსების, ისე ვაჭრობის და სხვა მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას, რომელსაც აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს როლზე, ენერგორესურსების კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის მიმართულებით ტრანსპორტირების თვალსაზრისით. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებისთვის მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება. კერძოდ, როდესაც საქმე ეხება შავი ზღვის აუზს, მისი თქმით, გვერდს ვერ ავუვლით ყირიმის ანექსიას და საქართველსო ოკუპირებული რეგიონს, აფხაზეთს, რომლის ანექსიის მცდელობასაც აქვს აქვს ადგილი.
“მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში რეგიონში, რომლის ერთ-ერთ ქვეყნას მე წარმოვადგენ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები